რუსმა მორაგბეებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვეს – ჩაშლილი მატჩი

აგვისტოში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი რაგბში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის აღარ გაიმართება. 

რუსული სააგენტოს ინფორმაციით, მატჩის გაუქმების მიზეზი საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება გახდა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის სკანდალის გამო დაწყებულ პროტესტს უკავშირდება.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“ – ნათქვამია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მატჩის გაუქმება არ აისახება ორივე ქვეყნის რაგბის ეროვნული ფედერაციების ურთიერთობებზე.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან. ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელად ვუხდით ბოდიშს“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები