“რუსი ოკუპანტები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით ახალი ტერიტორიის მითვისებას აპირებენ” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისებაზე საუბრობს. 

დავით ქაცარავას მტკიცებით, რუსი ოკუპანტები ჩორჩანა-პერევის მიმართულებით აპირებენ მიითვისონ ტერიტორია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.

ქაცარავას თქმით, ოკუპანტები ნაცად მეთოდს მიმართავენ და ხეებს ნიშნავენ, სადაც, მისივე მტკიცებით, გაზაფხულზე მავთულხლართებს ვიხილავთ. 

“ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით თავიანთ კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. თუმცა, უკვე დღეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ფაქტიურად დაკარგა შესაძლებლობა შევიდეს იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ უპრობლემოდ გადაადგილდებოდა.” – წერს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავა ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს:

“რას გვიპასუხებს ხელისუფლება? არ დავიწყებ მარჩიელობას, დაველოდები მის პასუხს, მაგრამ იმ ჯიუტ ფაქტს ვერ გავექცევით – ხელისუფლებამ დათმო კიდევ უზარმაზარი ტერიტორიები და დაგვიმალა ჩვენი მიწა-წყლის ოკუპაციის ფაქტი.

პ.ს. იმედია, იმდენს მაინც გააკეთებთ, რომ არ დაიწყებთ ჩვენ დარწმუნებას იმაში, რომ ეს მონიშნები ადგილობრივი მეტყევეების ნამოქმედარია. ” – ნათქვამია პოსტში.

მსგავსი თემები