რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები 40 წლის  გელა როსტობაია გაათავისუფლეს. მას ენგურის ხიდთან ოჯახის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ასევე ზუგდიდის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი შენგელია დახვდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.

როსტობაია ყვება, რომ მისთვის არავის მიუყენებია სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. გელა როსტობაიას თქმით, ყველას გაუკვირდა მისი ასეთ მოკლე დროში გათავისუფლება. მისივე განცხადებით, მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და გადაიყვანეს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი გალის პოლიციაში.

„გალის იზოლატორში კიდევ ხუთი-ექვსი ქართველი იმყოფება. წუხელ კიდევ მოიყვანეს ორი ადამიანი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით“, – განაცხადა გელა როსტობაიამ.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

მსგავსი თემები