რუსთავში, 400 ჰა მიწის ფართობზე, სამრეწველო ქალაქი აშენდება

თბილისთან ახლოს, ქალაქ რუსთავში, 400 ჰა მიწის ფართობზე, კანადური საინვესტიციო კომპანია KAMKON INVESMENTS -ი სამრეწველო ქალაქს ააშენებ.  უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია შეხვდა და პროექტს გაეცნო.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, კანადელი ინვესტორების არჩევანი რუსთავის მიმართ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – პირველია, ისტორიულ-საკადრო ექსპერტიზა, რომელიც რუსთავში წლების განმავლობაში არსებობდა; ასევე ტერიტორიული სიახლოვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან.

მათივე ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს ინდუსტრიული ქალაქის განთავსებას 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში, ასევე ინდუსტრიული ჰაბის, ლოგისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. პრეზენტაციის წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაგეგმილია 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელის დასაქმება, ხოლო მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.

„მსგავსი ინდუსტრიული ქალაქები სხვა ქვეყნებშიც გვაქვს აშენებული, რომელთა ძირითად მიზანსაც სხვადასხვა პროფილის სამრეწველო საწარმოების ამოქმედება წარმოადგენს. ჩვენი ინტერესია სამშენებლო და სამრეწველო პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ისეთიც, რომლებსაც საქართველოშიც მოიხმარენ“ – განაცხადა კომპანია KAMKON INVESMENTS- ის დირექტორმა ამირ ქაზემი ტაფრეშიმ.

​შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან საინვესტიციო პროექტთან მიმართებაში გაგრძელდება.

მსგავსი თემები