რუსთავის მეტალურგიული ქარხანა შესაძლოა გაჩერდეს, 2 000 ადამიანი კი უმუშევარი დარჩეს 

ქალაქ რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, ახალი წლიდან შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს. მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება, რაზეც კომპანიაში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ საუბრობდნენ.

საწარმოში პრობლემების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გააკეთებულა.

“პირველი ღუმელი ქარხანაში ერთ კვირაში გაჩერდება, მეორე კი იანვრის დასაწყისში და სრულად მუშაობას ერთ–ერთი მსხვილი საწარმო სავარაუდოდ 15 იანვარს შეწყვეტს და სამუშაო ადგილს მეტალურგიაში 2000 ადამიანი დაკარგავს”, – ამის შესახებ TV 4 -ი იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „რუსთავის ფოლადის“ მიერ ბაზრის დაცვის მექანიზმების არსებობის აუცილებლობაზე საუბრის შემდეგ დაიწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებაზე აქტიურად მსჯელობა. კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოამზადა, თუმცა  დოკუმენტის პარლამენტში ინიცირება ამ დრომდე ჭიანურდება.

მსგავსი თემები