რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროში ბრიფინგი გაიმართა

გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა, რომელსაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა იმნაძემ თავის გამოსვლაში დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ქრონოლოგია და აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია, წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას. მისი განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა; 

კახა იმნაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით და ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციაში მოაქციოს. ამ მიზნით, რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

როგორც ელჩმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საქართველო კვლავაც განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას დიალოგისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის გზით. საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

თავიანთ გამოსვლებში ავსტრალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია, მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდების პრინციპებს. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს და მოიწონეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

მსგავსი თემები