რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობას – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შეუქცევადი პროგრესის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, ქვეყანა კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც ევროპის სტაბილურობას, ასევე ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შემდგომ განვითარებას.

პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა.

განსახილველ საკითხებს შორის საქრთველოს-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში – საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა. 

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში.

პრეზიდენტის განცახდებით, ევროპა საქართველოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში. საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყანაა, რომლის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ქვეყანა რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციის კუთხით ლიდერია რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის ფარგლებში. 

მისი თქმით, საფრანგეთი გამუდმებით ცდილობს ევროკავშირში ერთობის, კეთილდღეობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა გამოხადა და განაცხადა, რომ გმობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციულ ხაზზე სეპარატისტულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის.

მისივე შეფასებით, ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ დაბრკოლებებს უქმნის თავისუფალ გადაადგილებაში. ყველაფერი ეს ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას.

„საფრანგეთი ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაში კონსტრუქტიული მიდგომა გამოეყენებინა, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშვებას ამ რეგიონებში. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჩვენ მომავალშიც გვექნება. რუსეთს მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები დაიცვას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი ფნაგი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა. 

მსგავსი თემები