„რუსეთი დაინტერესებულია, დონბასის მთლიან ტერიტორიას დაეპატრონოს“ – ვახტანგ მაისაია

„რუსეთის მიზანია, ხელში ჩაიგდოს უკრაინის საზღვაო ნავსადგური და უკრაინას საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი წაართვას“ – აღნიშნული განცხადება სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც მაისაიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი გეგმები ქალაქ მარიოპოლსაც უკავშირდება: „რუსეთს აქვს პირდაპირი დაინტერესება, რომ დონბასის მთლიან ტერიტორიას დაეპატრონოს და როგორც ლუგანსკის, ისე დონეცკის ეგრედწოდებული რესპუბლიკის სეპარატისტული რეგიონების მთლიანი სივრცე ხელში ჩაიგდოს. ასევე, თვალის უჭირავს ქალაქ მარიოპოლზე, რომელიც მნიშვნელოვანი საზღვაო ნავსადგურია. ის უკრაინის მნიშვნელოვანი ბერკეტია და მისი ხელში ჩაგდებით რუსეთი უკრაინას საზღვაო სახელმწიფოს სტატუსს უკეტავს“.

სამხედრო ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთი შავი ზღვის აკვატორში სამხედრო ძალების წარმომადგენლობას აძლიერებს და ქერჩის სრუტის დაკავებისკენ მიისწრაფვის.

„ფაქტობრივად მარიოპოლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაკავებით, მით უმეტეს, ქერჩის სრუტის ხელში ჩაგდებით, აზოვის ზღვა რუსეთის ზღვა ხდება და ის იკეტება. შესაბამისად, როგორც ჩანს, რუსეთი იწყებს შავი ზღვის აკვატორიაში თავისი სამხედრო პოზიციების გაძლიერებას. ეს გეგმა, სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო წრეებშია დამუშავებული“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები