რუსეთში დავდივართ თუ ვაშინგტონში, ყველგან ღიად ვსაუბრობთ – “პატრიოტთა ალიანსი”

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც თავს გაერთიანებულ ოპოზიციას უწოდებს, რეალურ ოპოზიციას ვერ ხედავს. მისი აზრით, ეს უფრო რევანშისტული ძალებია, რომლებიც თავიდანვე რევანშისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ არა, “პატრიოტთა ალიანსს” თავისი ნიშა უკავია ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში და აქვს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა.

“არც ვადამდელი და არც გეგმიური არჩევნების არ გვეშინია. ზოგ პარტიას თუ ჰგონია, ვადამდელი არჩევნების  შემთხვევაში, იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებას” დაბალი რეიტინგი აქვს, ისინი მონახავენ საკუთარ ადგილს პარლამენტში, ძალიან ცდებიან. 1% და 0%-იან პარტიებს არ შეიძლება მოემატოს რეიტინგი “ოცნების” რეიტინგის დაცემის ხარჯზე. 25 ნოემბერს გამოიკვეთა, თუ ვის გაჰყვება ხალხი მომდევნო არჩევნებზე. ჩვენ არასოდეს მოგვიტყუებია ხალხი და რუსეთში დავდივართ თუ ვაშინგტონში, ყველგან ვსაუბრობთ ღიად, ჩვენი ვიზიტები გამჭვირვალეა, ხოლო ჩვენი მოთხოვნები ნათელი, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვისაც ვხვდებით რუსეთში თუ დასავლეთში”, – აცხადებს ლომია.

მისივე აზრით, “ქართული ოცნების” ხალხის მოტყუებასა და უმოქმედობაში დადანაშაულების მორალური უფლება, არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც “ევროპულ საქართველოს” არ აქვთ.

“ჩვენ ვამბობთ, რომ “ოცნებამ” მოატყუა თავისი მოსახლეობა, მას არ აქვს უფლება დარჩეს ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ ძალად. მაგრამ აქვს თუ არა უფლება “ნაციონალურ მოძრაობას” მოვიდეს ხელისუფლებაში? რა თქმა უნდა არა! ​აღარ გავიხსენებ იმ 9 წელს. თუ აცხადებს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომ “ოცნება” არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოატყუა საკუთარი ხალხი და აუცილებლად უნდა წავიდეს, ისმის კითხვა, – მათ ხომ კარგად ესმოდათ, რომ პრეზიდენტის სავარძელი ბევრს არაფერს აძლევდათ. თუ მართლა რეალურად ფიქრობდნენ ქართველ ხალხზე, პირველივე ტურში  რატომ არ გააერთიანეს საკუთარი ძალები? მაგრამ მათ არ აინტერესებდათ პირველ ტურში გამარჯვება.  პირველ ტურში მათ აინტერესებდათ თავიანთი რეიტინგების შესწავლა, რადგან მათი დასავლეთელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ და მათგან მხარდაჭერა მოეთხოვათ”, – განაცხადა გიორგი ლომიამ “მთავარში“.

მსგავსი თემები