რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, რუსეთის ხელისუფლებას ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების არ შესრულებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თუ ევროსაბჭო რუსეთის შანტაჟს დაჰყვება, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს.

თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.

მისი შეფასებით, შანტაჟია ის, რაც ხდება ევროსაბჭოში ბოლო პერიოდის განმავლობაში. რუსეთი არ ასრულებს არც ერთ ნაკისრ ვალდებულებას ევროსაბჭოს წინაშე, არ იხდის საწევრო გადასახადს, რომელსაც სხვა წევრები იხდიან და ამბობს, რომ თუ უპირობოდ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, მაშინ დატოვებენ ევროსაბჭოს.

ქართველი პოლიტიკოსი, სტრასბურგის ტრიბუნიდან მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი სანქციების მოხსნაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს სანქციების მექანიზმის გაუქმებას.

“საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მის პოზიციას. ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო აცნობიერებს რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ შანტაჟს დაჰყვება ეს ორგანიზაცია და ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება ყველასთვის. ამიტომ ამ ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული დისკუსიები იქნება ამ კვირის განმავლობაში. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ამ ორგანიზაციის სულისკვეთებას ეხმიანება ანუ  წევრი ქვეყნების ვალდებულებას, რომ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ სტანდარტებს. ჩვენი ქვეყნის დელეგაციის პოზიციაა, რომ მექანიზმი დარჩეს ისე როგორც დღეს მუშაობს. სანქცირების მექანიზმი არ უნდა გაუქმდეს  და რუსეთს მოეთხოვოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მსგავსი თემები