რუსეთის ფედერაცია საქართველოში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში გამოჩენამ გამოიწვია, რუსეთის ფედერაციას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ უბიძგა.

გარდა იმისა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიაგადაზიდვები იკრძალება, პრეზიდენტმა, ფედერაციაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ბრძანებაც გასცა.

მისივე ბრძანების საფუძველზე, ტუროპერატორებმა და ტურისტულმა კომპანიებმა მიიღეს რეკომენდაცია, საქართველოში ტურების გაყიდვისგან, თავი შეიკავონ.  

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან გაყვანის საკითხსაც განიხილავს.

რუსულმა ავიაკომპანიებმა კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბილეთების მიყიდვა უკვე აკრძალეს. ფედერაციის ავიაკომპანიები საქართველოს მოქალაქეების მიერ შეძენილი ბილეთის საფასურის უკან დასაბრუნებლად, მზად არიან.

რუსეთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული აკრძალვები საქართველოში შიდაპოლიტიკური პროცესების დალაგებამდე იმოქმედებს.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად 5-7 ათასამდე ტურისტი იმყოფება, თუმცა, ფედერაცია რუსი ტურისტების საქართველოდან ორგანიზებულად გაყვანას აანონსებს.

„უმოკლეს ვადებში დავიწყებთ საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების გაყვანის პროცესს, რაც შეეხება ტურისტებს, რომელთაც ტური აქვთ შეძენილი, ექნებათ საშუალება მიმართონ ტუროპერატორებს, რომლებიც მათ ტურის სრულ საფასურს დაუბრუნებენ,“ – აცხადებს ტურისტული კომპანიის „მუზენიდ თრეველის“ დირექტორი.

ამ დროისთვის ტუროპერატორებს რუს ტურისტთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა უჭირთ. გასულ წელს მათმა რიცხვმა ჩვენს ქვეყანაში, 1,3 მილიონს გადააჭარბა.

„რუსეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზებამდე, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან.

მათ კი, ვინც იქ უკვე იმყოფება ტურისტული ვიზით, მოვუწოდებთ:

გამოიჩინეთ ყურადღება და თავი შეიკავეთ თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან.

მიიღეთ ყველა საჭირო ზომა, რათა პირადი უსაფრთხოება დაიცვათ.

არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი და არ გამოხვიდეთ გარეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე.

არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი იქამდე, ვიდრე ტუროპერატორები თქვენს სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნებას არ დაიწყებენ.

არ შეისყიდოთ და არ გაუწიოთ რეალიზაცია ქართულ პროდუქტს, სიტუაციის ნორმალიზებამდე.

ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენ გაქვთ კანონით მინიჭებული უფლება, ტურის გაუქმების შემთხვევაში, მოითხოვოთ მისი საფასურის უკან დაბრუნება,“ – აღნიშნულია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში გამომგზავრების სანაცვლოდ, რუსი ტუროპერატორები თავიანთ ტურისტებს ვიზის გადაცვლას და აფხაზეთის მონახულებას სთავაზობენ. თავის მხრივ, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებაც მზადაა რუსი ტურისტები მიიღოს.

როგორც სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცი აცხადებს: „აფხაზეთი მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ.”

მსგავსი თემები