“რუსეთის პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა” – “როიტერი”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ საავადმყოფიში მივიდა, სადაც მას ექიმმა დენის პროცენკომ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა გააცნო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ექიმს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ პუტინმა მას შეხვედრის დროს ხელი ჩამოართვა.

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავს კარგად გრძნობს და ხალხისგან დისტანცირებას ცდილობს, სწორედ ამიტომ მთავრობის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კონფერენცია ღია ფორმატში ჩატარდება.

„ყველა დაინახავს, რომ ის დისტანციურად მუშაობს. ყველამ ვნახეთ, როგორ იმუშვა მან ანალოგიური ფორმატით დიდი ოცეულის სამიტზე“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა , თუმცა ის არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია.

პესკოვის თქმით, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც პრეზიდნეტთან ერთად გასულ კვირას საავადმყოფოში იყო, „კოვიდ-19“-ზე ტესტს ყოველდღიურად იკეთებს, მათ შორის თავადაც.

მსგავსი თემები