რუსეთის დელეგაციამ, დევნილთა დაბრუნებაზე საუბრის დაწყებისთანავე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მაგიდა დატოვა

რუსეთის დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მაგიდა ისევ დატოვა. როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენლები აცხადებენ, ტრადიციულად, როგორც კი საუბარი დევნილთა დაბრუნებას შეეხო, რუსეთის ფედერაციამ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა.

„ეს არის სამწუხარო პრაქტიკა, რომელიც გრძელდება – როგორც კი საქმე მიდის დევნილთა დაბრუნების საკითხზე, რაც არის პრინციპული საკითხი და მთავრი ნაბიჯი კონფლიქტის თანდათანობით მოგვარებისთვის, აღნიშნულ საკითხზე საუბრის დაწყებისთანავე რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებების მაგიდას“, – აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ.

მანამდე, ერთ-ერთი მთავრი საკითხი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დღის წესრიგში იდგა, ოკუპირებულ ახალგორთან ჩაკეტილი გადასასვლელის გახსნა იყო. როგორც დარსალიამ რაუნდის დასრულების შემდეგ განმარტა, არის იმედი, რომ მუშაობა შედეგს გამოიღებს და გადასასვლელი მალე გაიხსნება.

„ჩაკეტილი გადასასვლელის გახსნა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ზოგადად, ამ რაუნდის მთავრი ხაზი იყო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. ეს არის ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულება და გვაქვს მოლოდინი, რომ მუშაობა შედეგს გამოიღებს, რაც უახლოეს პერიდოში მოხდება“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მსგავსი თემები