რუსეთთან პირისპირ საუბარი აუცილებელია – კობა კობალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კობა კობალაძე, რუსეთს – საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყების მომხრეა, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა კობალაძემ დღეს განაცხადა, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და მის მიმართ ეს უმთავრესი დამოკიდებულება, არც ერთი რანგის მოლაპარაკებებში არ შეიცვლება.

მისივე შეფასებით, საქართველოს არ აკლია თავდადებისა და თავგანწირვის მაგალითები, მაგრამ მარტო ბრძოლას, თუ ეს არ არის გამაგრებული სახელმწიფო დიპლომატიითა და პოლიტიკური ხედვით, შედეგი არ მოაქვს.

“ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილის იყო ადამიანი, რომელმაც თავისი დიპლომატიური უნარ-ჩვევებით, ხედვით და პრინციპულობით უზრუნველყო ის, რომ რუსეთის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლებიც კი იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ და ჩვენი ქვეყნის არეალიდან გაეყვანათ სამხედრო შეიარაღებული ძალები. რა და როგორ მოხდა შემდგომ და ვინ იყო მათი უკან შემოყვანის საფუძველი, ეგ მეორე საკითხია. ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ მტერთან, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებელია პირისპირ საუბარი. ჩვენს პოზიციას ჩვენზე უკეთესად ვერავინ გამოხატავს. დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, მაგრამ ჩვენი მეგობრების მიერ გამოხატული პოზიცია ერთი-ერთში ვერ იქნება იმ განცდისა და იმ შეგრძნების ამსახველი, რა პოზიციითაც ვართ ჩვენ. უმთავრესი საკითხი”, – აცხადებს კობა კობალაძე.

მისივე თქმით, კრემლში კარგად იციან საქართველოს პრინციპული პოზიციის შესახებ, რომ ნებისმიერი საუბარი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, ტურისტული თუ სხვა ურთიერთობის განვითარებაზე, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ტერიტორიების ხარჯზე.

მსგავსი თემები