რუსეთთან მოლაპარაკებები საჭიროა, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე – დეპუტატი 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების განახლების მომხრეა და მიაჩნია, რომ ის, ადრე თუ გვიან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით უნდა დამთავრდეს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ​მირიან წიკლაურმა განუცხადა, რუსეთმა სწორედ მაშინ დაუშვა შეცდომა, როდესაც თავისი დაუკმაყოფილებელი მადის გამო, საქართველოსთან გაირთულა ურთიერთობები. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთისთვის დასავლეთი, ყოველდღიურად ახალ-ახალი სანქციები ამზადებს.

“საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობით რუსეთი გაცილებით მეტს მოიგებდა, იმიტომ, რომ ქართველმა ერმა მეგობრობის ფასი იცის და ჩვენზე კარგი მეგობრობა არავის შეუძლია”, – აცხადებს დეპუტატი.

მირიან წიკლაურის თქმით, აგრესიული პოლიტიკის გატარებით რუსეთმა ვერაფერი მოიგო. ამ დასკვნამდე რუსული საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკური ელიტაც ადრე თუ გვიან მივა. ის შეჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე. ყავს თავისი პატარა შეიარაღებული შენაერთები ჩაყენებული, ამით კი, არა მხოლოდ ჟანდარმის სახე აღიდგინა, არამედ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა არ უნდა გქონდეს და ყოველთვის მისი ეკონომიკური ბერკეტების მაჯისცემაზე გეკიდოს ხელი.

“რა თქმა უნდა საუბარი ყოველთვის და ყველასთან შეიძლება. მეორე საკითხია ეს საუბარი რა შედეგს მოგვიტანს და ქვეყნისთვის სასიკეთო თუ იქნება. საუბრის თემა, არამც და არამც არ უნდა შეეხებოდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. საქართველო არის ერთიანი განუყოფელი ქვეყანა, მისი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლით, თუ 1-2 ქვეყანა, ამას არ ცნობს და აღიარებს ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს არაფერს ნიშნავს, ამ თემაზე საუბარი იქ არც უნდა იყოს”, – აცხადებს მირიან წიკლაური.

მისვე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ​​საუბარი უნდა იყოს იმ შეხების წერტილებზე, რაც შეიძლება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს და იყოს შემდგომი ურთიერთობები განვითარების ამოსავალი წერტილი. ეს არის კულტურული, სავაჭრო და ა.შ სფეროები, რაზეც შეიძლება საუბარი.

“რაც არ უნდა პარტნიორად განვიხილავდეთ რუსეთს ის არის ჩვენი მოწინააღმდეგე და მასთან ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები