„რუსების ჩაყლაპვით აფხაზები გახარებულები არ არიან, პროცესები ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს“ – ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს, თუმცა, აფხაზეთის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას ვერ ხედავს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზეთში არიან პრო ქართულად განწყობილი ლიდერები, რომლებზეც ქართულმა მხარემ უნდა იმუშაოს.

„ნამდვილად არ ვიცი, ჩვენი მხრიდან რამდენად არის აფხაზეთში იმ  ლიდერების იდენთიფიცერება მომხდარი, რომლებმაც, იქ, მინიმუმ, ანტირუსული პოლიტიკა შეიძლება გაატარონ. ასეთი ლიდერების ქმედებები შესაძლოა, პირდაპირ პრო ქართულ პოლიტიკას არ ნიშნავდეს, თუმცა, საუბარია პოლიტიკაზე, რომელიც რუსეთს აფხაზეთთან გარკვეული თვალასაზრისით დააშორებდა და კონფლიქტურ კერებს შექმნიდა. ნახეთ, რომ სამი დღე, რუსეთი, თითქოს როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე აფხაზეთში მიმდინარე პროცესები როგორ დასრულდებოდა, მაგრამ, როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, მან გაუშვა თავის წარმომადგენელი და ბეჭედი დაუსვა იმ პროცესების დასრულებას, რომელიც იქ მიმდინარეობს“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატი პრო ქართულად განწყობილი ლიდერების გამოკვეთის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსების მხრიდან ჩაყლაპვით აფხაზები ბედნიერები არ არის.

„მსგავსი პროცესების დროს, უნდა მოხდეს ლიდერების იდენტიფიცირება, რომლებიც არიან რუსეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილნი. აფხაზეთში ასეთი ლიდერები არიან და არც აფხაზეთის მოსახლეობაა გახარებული რუსეთის მიერ, ასეთი ჩაყლაპვით, როგორიც ახლა ხდება. იქ არის ძალიან ბევრი ინტერესები, ინტერესთა კონფლიქტი არსებობს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის და აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ, როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს, თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატის შეფასებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სპეც.სამსახურები აქტიურად უნდა მუშაობდნენ. მისივე განცხადებით. სპეცსამსახურების და სხვა მექანიზმების საფუძველზე, აფხაზეთში  ჩვენი პოლიტიკა უნდა გვქონდეს.

მსგავსი თემები