“როცა ეკლესია დუმს, პოლიტიკოსებმა ლაი-ლაის თავი უნდა დაანებონ” – გოგა ხაინდრავა ავტოკეფალიაზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკოსებმა მიუთითონ საქართველოს საპატრიარქოს აღიაროს თუ არა მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მეორე მხრივ არც სასულიერი პირების მხრიდან არის მისაღები პოლიტიკაზე საუბარი. 

როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ ამაზე წმინდა სინოდი იმსჯელებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის პოზიცია.

​მისივე თქმით, როცა ქართული ეკლესია დუმს, პოლიტიკოსებმა ეკლესიის საკითხებზე ლაი-ლაის თავი უნდა დაანებონ. 

​”აღრევის ხანაა მთელს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. პოლიტიკოსები სასულიერო საკითხებზე მსჯელობენ, ხოლო სულიერი მოძღვრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ეს მეტყველებს ამ ადამიანების უმწიფრობაზე. ამ ორივე სფეროში გარკვეული კანონები არსებობს, განსაკუთრებით სასულიერი სფეროში. როდესაც შვილი მამის წინააღმდეგ გამოდის და მამის დარიგებებს არ ისმენს, როგორც წესი ეს კატასტროფით მთავრდება. ეს იმ მღვდელმთავრებს ეხებათ, რომლებიც საკუთარ მამას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს არ უსმენენ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, არც იერუსალიმის, არც ანტიოქიისა და ელადის ეკლესიებს, არ გამოუხატავთ თავიანთი პოზიცია ამ საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირატესი ეკლესიები ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებენ. შესაბამისად, “არც საქართველოს ეკლესია უნდა უსწრებდეს ურემს წინ”. 

გოგა ხაინდრავას შეფასებით, ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უმეცარი პოლიტიკოსების არაკომპეტენტური განცხადებები ისმის, პოლიტიკაში რომ ვერაფერს მიაღწიეს და სასულიერო სფეროში შეიჭრნენ. ასევე, სასულიერო პირები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, ვალდებულნი არიან საზოგადოებას განუმარტონ რამ განაპირობა მათი მხრიდან პოლიტიკური განცხადების გაკეთება.

მსგავსი თემები