როცა ეგზიტპოლები გამოქვეყნდა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენთან ერთად იყო“, – ნუკრი ქანთარია

 „ჩვენ სათანადოდ არ შევაფასეთ პროცესები, ვერ გავითვალისწინეთ მიზეზები, რა მიზეზებმაც ჩვენს გარშემო მოიყარა თავი და ამ მიზეზების ერთობლიობა მივიღეთ შედეგის სახით. პრობლემები შიგნით უნდა ვეძებოთ“ – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ კანდიდატისთვის მილოცვა და ზეიმიც უადგილოა. როცა ეგზიტპოლები გამოცხადდა, ბიძინა ივანიშვილი პირველ ნახევარში ჩვენთან ერთად იყო. ვფიქრობდით და ვუშვებდით, რომ მეორე ტური შესაძლოა ყოფილიყო. ვიცოდით, რომ ცდომილება იქნებოდა 2-3-%, მაგრამ საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამასაც საფუძვლიანი შეფასება სჭირდება. ეს დასკვნებიც გასაკეთებელია“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ნუკრი ქანთარია საბოლოო შედეგების გარეშე კანდიდატისთვის მილოცვასაც არ ამართლებს და ამბობს, რომ მილოცვა ნაჩქარევი იყო: „მიმაჩნია, რომ ეგზიტპოლების შემდეგ, მილოცვაზე კი არა, საერთოდ, საუბარი შედეგზე არ უნდა იყოს. მისალოცი არაფერია და უნდა დაველოდოთ შედეგებს.“

როგორც ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროცესებმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს: „ვარაუდებზე საუბარი არ მიმაჩნია სწორი. ვარაუდი, მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი რომ ჰყოლოდა სხვა შედეგი იქნებოდა, არ მგონია გამართლებულად. რადგან სალომე ზურაბიშვილი ავირჩიეთ, ამას აქვს საფუძველი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ პარტიის კანდიდატი უფრო მეტ მობილიზაციას გააკეთებდა. მგონია, რომ სათანადოდ არ შევაფასეთ პროცესები და ვერ გავითვალისწინეთ მიზეზები, რომელიც ჩვენს გარშემო დაგროვდა. არ უნდა დავუშვათ პროცესების ქუჩაში გადატანა“.

მსგავსი თემები