“რომან გოცირიძეს ინტელიგენტი კაცია და არაა იმ ადამიანთა შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით არ მიდის” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის პერფორმანსს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დღეს დემონსტრაციულად დალუქა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტს ვერავინ ჩაკეტავს.

“პარლამენტმა მუშაობა განაახლა. პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, ის ინტელიგენტი კაცია. ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით არ მიდის. როგორც ჩანს თავისმა თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა მინდა გითხრათ, ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს,” – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე გუშინ სპეცრაზმის მიერ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცულია, თუმცა თუ ის კანონის ჩარჩოებს გასცდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“მქონდა კომუნიკაცია საპარლამენტო ოპოზიციის ყველა ლიდერთან, ვთხოვე რომ პროცესები დაებრუნებინათ კანონის ფარგლებში. ხოლო ის რაც დაანონსდა ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციის ლიდერის მიერ, რომ მოხდებოდა სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, ეს არის უკანონო და იქნება რეაგირება. ბატონმა პრემიერმა თქვა ის, რაც წერია საქართველოს კანონმდებლობაში. ეს არის კანონისმიერი პასუხი, რომ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლება დაცულია და თუ გაცდება კანონის ჩარჩოებს, ამაზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება,”- აღნიშნა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები