როდესაც ქვეყანას გმირი ესაჭიროება, ეს მის მძიმე სუვერენულ მდგომარეობაზე მიუთითებს – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  დიმიტრი ხუნდაძე  აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა ქვეყანას ამდენი გმირი ჰყავს, ეს მის მაღალ ზნეობასა ღირსებაზე მეტყველებს, მაგრამ, როცა ქვეყანას ამდენი გმირი ესაჭიროება, ეს მის მძიმე სუვერენულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

დეპუტატის აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება  მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან  ჯერ კიდევ  სერიოზული საფრთხის ქვეშ არის.

„როდესაც აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ,  უპირველეს ყოვლისა, დევნილი ოჯახები, გადამწვარი სოფლები და ომში დაღუპული გმირები გვახსენდება. ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის კი უმთავრესი იმ დღეების გააზრება და  მოსალოდნელი საფრთხეების სწორი ანალიზია. 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ თითს უქნევს საქართველოს  და ხმამაღლა აცხადებს, რომ საქართველოს გეგმები რუსეთის ინტერესებში არ შედის, რომ ისინი ზრუნავენ თავიანთი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე. გამოდის რომ საქართველომ ტერიტორიული უსაფრთხოების საკითხები არა საკუთარი, არამედ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს.  ამ მძიმე დღეების წინ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან  ასეთი განცხადება საქართველოს ოკუპაციის ფაქტობრივი აღიარებაა და საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლების გაწონასწორებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა შედეგს გამოიღებს და საქართველოს  ტერიტორიული უსაფრთხოება დაცული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

დღეს კი ხსოვნის დღეა და მსურს პატივი მივაგო ომში დაღუპულ გმირებს. მცხეთის რაიონში დევნილთა დიდი დასახლებაა და მინდა მათი ტკივილი კიდევ ერთხელ გავიზიარო.  როცა ქვეყანას ამდენი გმირი ჰყავს, ეს მის მაღალ ზნეობასა და ღირსებაზე მეტყველებს, მაგრამ როცა ქვეყანას ამდენი გმირი ესაჭიროება,  ეს მის მძიმე სუვერენულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ვისურვებდი, აგვისტოს ომის გმირები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ბიჭების  ბოლო ქრონიკები ყოფილიყოს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები