“როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ მზად უნდა იყო, რომ ვიღაც გაგინებს” – ზაურ ხალილოვი

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის დირექტორი” ზაურ ხალილოვი, ქალაქ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადამიანებს შორის ანგარიშსწორების მსგავსი ფორმები მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, უარყოფითად აფასებს პროკურატურის ქმედებას, რადგან მარნეულის მერი მანამდე დააკავეს, სანამ მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი ფაქტები იქნებოდა მოძიებული.

როგორც ზაურ ხალილოვმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სამართალდამცავების ოპერატიული ქმედება მისთვის არაფერს ნიშნავს, გარდა საზოგადოებაში ქულების ჩაწერის სურვილისა.

“მე უფრო მეტ ინფორმაციას მოვიპოვებდი, თუ კონკრეტულად რა მოხდა. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა  არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. არაერთი ადამიანი არის ამ საქმეში ჩართული და ალბათ გამოძიება გასცემს კითხვებზე პასუხს. არ მინდა რომ ეს საქმე გახდეს სამაგალითო იმისთვის, რომ, – აი ჩვენ რა მაგარი ბიჭები ვართ, რომ ასე სწრაფი რეაგირება მოვახდინეთ. პირველ რიგში ადამიანების ბრალეულობა უნდა იყოს დამტკიცებული”, – აცხადებს ხალილოვი.

მისივე შეფასებით, არასწორად მოიქცა თავად მარნეულის მერი და მას, როგორც თანამდებობის პირს, თავი უნდა შეეკავებინა მსგავსი ქმედებისგან და მორალური შეურაცხყოფისთვის მას კანონის ძალით მოეთხოვა სამართლის დადგენა.

“თუ მერმა ჩათვალა, რომ მისი პირადი ღირსება შეილახა, კანონის საფუძველზე უნდა მოეთხოვა პასუხი. როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ვიღაც გაგინებს. ამ შემთხვევაში კულტურის პრობლემა გვაქვს და არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულს ვინ სჩადის”, – აცხადებს ზაურ ხალილოვი.

მარნეულში მომხდარ ცემის ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ. მანამდე, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მსგავსი თემები