როგორ წყალს ვსვამთ?! – ჩატარებული კვლევის შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს სასმელი წყლის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სასმელი წყლის კვლევების მიხედვით აღმოჩენილი დარღვევები, სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.  

მათივე განმარტებით, სასმელი წყლის ხარიხი თბილისში სრულიად შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, გაუმჯობესებულია მდგომარეობა დიდ ქალაქებში, წყალმომარაგების რაოდენობის გაუმჯობესების მაჩვენებელი კი რეგიონეში, კვლავ გამოწვევად რჩება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და კონტროლის მასშტაბი. თუ 2010 წლისთვის რამდენიმე ათეული ნიმუშის აღება ხდებოდა, დღეს ეს უკვე რეგულარული გეგმის ნაწილია და 500-ზე მეტი ნიმუშს ითვალისწინებს.

ტენდენცია ცალსახაა, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს და დარღვევები არ ფიქსირდება.

გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.

გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში.

სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა.

წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.

სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება.

უნდა აღინიშნოს, რომ წყლის კვლევის დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს სასმელი წყლის მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული გამოცემა Dayly Mail-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციაში, საქართველო იმ 187 ქვეყანას შორისაა დასახელებული, სადაც ონკანის წყლის მიღება უსაფრთხო არ არის.

გამოცემის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ტურისტებისთვის არის განკუთვნილი, კვლევაში მონაწილე ქვეყნების დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ მიწოდებულ შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს.

მსგავსი თემები