როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – სააგენტოს განმარტება

საპენსიო სააგენტო 40 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის და მისგან ნებაყოფლობით გათავისუფლების პირობებს განმარტავს და აღნიშნავს, რომ საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის, ან – მეტის.

სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის დატოვებაზე განცხადების წარდგენა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. უფრო კონკრეტულად კი, იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა, სამი თვის გასვლის შემდეგ, მოქალაქეს ეძლევა საშუალება, განაცხადი შეიტანოს და სისტემა დატოვოს.

მათივე ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღის შემოწმება შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ მომხმარებლის პირად პროფილზე.

პირად პროფილზე შესასვლელად საჭიროა მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოს. თუ მოქალაქეს ორი დამსაქმებელი ჰყავს, შესაბამისად, პირად გვერდზე შესასვლელად საჭირო იქნება ორი პაროლი.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ, მისი დატოვების შესახებ განცხადების დასაწერად, მოქალაქეს ეძლევა მხოლოდ ორი თვე. ვინც ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებს სქემას, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ რჩება.

ამასთან, განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვებული თანხა შემომტანებს – სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს დაუბრუნდებათ.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, მისამართზე – თბილისი, ყიფშიძის 7 ბ.

განცხადების დაწერა, ასევე, შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, 9:00-დან 18:00 საათამდე.

მსგავსი თემები