“როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა, ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრისას საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განაახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე.

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა,  აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტიანი გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ, ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი თემები