როგორია პაციენტების მდგომარეობა რეგიონებში – დასავლეთ საქართველოს კოვიდ ცენტრებში ანალიზების პასუხებს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი დატოვებს, სამი კი გასაწერად ემზადება.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათ უკვე აუღეს განმეორებითი საკონტროლო ტესტი და თუ პასუხები კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას ხვალ დატოვებენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 30 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ცხრა პაციენტია დარჩენილი.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა მათ კლინიკაში ახალი პაციენტი არ შესულა.

როგორც კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა, კლინიკას არ ჰყავს არც კოვიდინფიცირებული პაციენტები.

„საჩხერის საკარანტინო სივრცეში არცერთი პირი აღარ არის. რამდენიმე დღეა საჩხერის სამედიცინო ცენტრში ცხელებით არცერთი პაციენტი არ შეუყვანიათ, კლინიკას არც კოვიდინფიცირებული პაციენტები ჰყავს“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

სტაციონარის მედპერსონალმა „კოვიდ-19“-სგან შვიდი პაციენტი გამოაჯანმრთელა

ბათუმის ცხელების ცენტრებში დილისთვის ჰოსპიტალიზებულია 27 პირი, რომელთა ანალიზების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

დღესვე იგეგმება საკარანტინო სივრცეში მყოფი იმ 230 პირის ტესტირება, რომლებსაც იზოლაციის ვადა ამოეწურათ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კარანტინს ხვალ დატოვებენ.

დღეის მდგომარეობით, აჭარის საკარანტინო სივრცეებში 1 510 პირი რჩება. საკარანტინო პერიოდი უკვე დაასრულა 5 000-მდე პირმა.

მსგავსი თემები