რკინისა და ფოლიუმის ნაკლებობა შესაძლებელია პურის ფქვილის ფორტიფიცირებით მოგვარდეს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობაში რკინისა და ფოლიუმის დეფიციტის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ​ეპიდზედამხედველობის პროგრამა მიმდინარეობს.  არსებობს ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაცია, რომ საქართველოში, პურის ფქვილის ყველაზე მოხმარებადი სახეობა გაჯერდეს რკინითა და ფოლიუმით.

​როგორც ლელა სტურუამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ისევე, როგორც 1996 წელს საქართველოში, მარილის იოდიზირების პროგრამა განხორციელდა, მოსახლეობაში იოდის დეფიციტის გამო, შესაძლებელია, რკინითა და ფოლიუმით პურის ფქვილის გაჯერების პროგრამაც განხორციელდეს.

​პურის ფქვილის ფორტიფიკაციის პრაქტიკა მსოფლიოში არსებობს, ასევე, ბრინჯისა და სიმინდის ფქვილის. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა, რომელ საკვებს მოიხმარს ინტენსიურად, ის უნდა იყოს ფორტიფიცირებული მულტივიტამინებით. რკინისა და ფოლიუმის დეფიციტი  აფერხებს განვითარებას და მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ფოლიუმის დეფიციტი განსაკუთრებით საყურადღებოა ორსულ ქალებში, დაორსულებამდე და ორსულობის პერიოდში.  შესაბამისად, არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც, ორსულობის პირველი ტრიმესტრის  პერიოდში ორსულებს უნიშნავენ ფოლიუმს. მოსახლეობაში ​ფოლიუმის დაახლოებით 40 %-იანი დეფიციტი გვაქვს სხვადასხვა პოპულაციაში. 3 წელია მიმდინარეობს პროგრამა, თუმცა ჯერ ცალსახა პასუხი არ გვაქვს ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ლელა სტურუა.

​მისივე ინფორმაციით, საკვების მულტივიტამინებით ფორტიფიცირება არის ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართულია სხვადასხვა სექტორები. პურის ფორტიფიცირების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ის მიკროელემენტები, რომლებიც ნაკლებად გვაქვს პოპულაციაში დაემატოს ყველაზე მოხმარებად პროდუქტს.

​აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ექსპერტები საქართველოში რკინის სერიოზულ პრობლემაზე საუბრობენ და ქვეყნის ხელისუფლებას ურჩევენ მიიღოს კანონი და სავალდებულო გახდეს ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით ფორტიფიცირება.

 

მსგავსი თემები