„რისთვის სჭირდებათ სააკაშვილს და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა? – მთავარი მიზანი არჩევნებია“ – დიმიტრი ხუნდაძე

„სააკაშვილი ევროპას აკრიტიკებს და ამით უპირატესობას რუსულ პოლიტიკას ანიჭებს, პუტინი კი ღიად ითხოვს „ყოფილი ქართველისთვის“ უკრაინის პასპორტის დაბრუნებას“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე და სააკაშვილ-პუტინის ღია სცენაზე გამოსვლის მიზნებზე საუბრობს.

„ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები და ქმედებები სხვაგვარად ლაგდება. მიხეილ სააკაშვილის რუსეთის მიმართ ღიად გაცხადებული „მტრობა“ სინამდვილეში რომ მოყვრობა იყო, ამაში ეჭვი არც ერთ მოაზროვნეს არ ეპარებოდა. მაგრამ, დღეს, სტრატეგია შეცვალეს და ერთმანეთის მიმართ ერთგვარ თანადგომას ღიად გამოხატავენ: სააკაშვილი ევროპას აკრიტიკებს და ამით უპირატესობას რუსულ პოლიტიკას ანიჭებს, პუტინი კი ღიად ითხოვს „ყოფილი ქართველისთვის“ უკრაინის პასპორტის დაბრუნებას. მართალია, სააკაშვილმა უკმეხი პასუხი გასცა, მაგრამ ეს ალბათ სცენარის ნაწილი იყო, სინამდვილეში კი ორივენი ღია სცენაზე გამოვიდნენ”, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატის შეფასებით, კითხვაზე – რისთვის სჭირდებათ სააკაშვილს და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა, პასუხი რთული არ არის: „მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ევროპული პოლიტიკის კრიტიკით უკრაინელ ხალხს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გარკვეული მისიაც შეასრულა. ამ „სიკეთეს“ პუტინმა „სიკეთითვე“ უპასუხა, თუმცა, ალბათ ორივეს საბოლოო მიზანი საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. აქ კი ნამდვილად ცდებიან. მართალია, ქართველ ხალში გადაწყვეტილებების მიღებისას ემოცია ჭარბობს, მაგრამ იმდენად არა, რომ მხარი სააკაშვილი-პუტინის ერთობლივ პოლიტიკას დაუჭირონ. ასე რომ, მათი სცენარი საქართველოში ფუჭია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები