“რთული ცხოვრების მიუხედავად, ის ქართული თეატრის სინდისი იყო” – ნუკრი ქანთარია

რეჟისორი, პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მსახიობის ნოდარ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ მისი სახით, ქართულ საზოგადოებას თეატრისა და კინოს კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა.

როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ნოდარ მგალობლიშვილი შესანიშნავი მსახიობი და ქართული თეატრის სინდისი იყო.

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ნოდარი იყო ქართული თეატრის სინდისი. რთული ცხოვრების მიუხედავად, ის ყოველთვის პიროვნული ღირსებით გამოირჩეოდა. ამას ადასტურებს თუნდაც ბატონი ნოდარის მხრიდან „ღირსების ორდენის“ მიღებაზე უარის თქმა და უკან დაბრუნება. მე, პირადად, ბატონ ნოდართან მრავალწლიანი ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩვენ ერთად ვიყავით „ქართულ აკადემიაში“ და ის ამ აკადემიის ღირსეული წევრი იყო”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

​მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ თანდათან, ის თაობები მიდიან და გვტოვებენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

“ვუსამძიმრებ ბატონ ნოდარის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ დანაკლისს”, – აცხადებს რეჟისორი ნუკრი ქანთარია.

საქართველოს დამსახურებული არტისტი ნოდარ მგალობლიშვილი 26 მარტს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2001 წელს, მან უარი თქვა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან ღირსების ორდენის მიღებაზე და განაცხადა, რომ არ სურდა ღირსების ორდენი ისეთი რეჟიმის მხრიდან, რომელმაც მას ღირსება წაართვა და აიძულა უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა.



მსგავსი თემები