“რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენი ქვეყნის განგრენაა” – კოკა ლაბარტყავა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი ვექტორის“ წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავა მიიჩნევს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, საქართველოსთვის არის განგრენა, რომლის ორგანოები იწყებენ კვდომას, მაგრამ ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის მზად, ლპობაში გამოსული ნაწილები მოაშოროს საზოგადოებას.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კოკა ლაბარტყავამ დღეს განაცხადა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა სათავეს იღებს წინა ხელისუფლების პირობებში. მაშინ გამოცხადდა ნულოვანი ტოლერანტობა ნარკოდამოკიდებულების მიმართ და საკანონმდებლო რეგულაციები გამოყენებული იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მკვლელობის იარაღად.

“რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ გაანადგურა ბევრი ოჯახი. დღესაც ინერციით მიდის ეს პროცესები. სააფთიაქო ქსელებში გაჩნდა ფსიქოტროპული პრეპარატები. წინა ხელისუფლების დროს, მაღალი თანამდებობის პირები მფარველობდნენ ასეთ სააფთიაქო ქსელებს. როგორც ჩანს, რეპრესიული ნარკოპოლიტიკა დღესაც გაგრძელება. წლების მანძილზე რეცეპტების სისტემაზე გადასვლამ სიკეთე არ მოიტანა. როდესაც აფთიაქში ადამიანი, ფსიქოტროპული პრეპარატის შესაძენად ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით მიდის, მას რეცეპტს არ არმევენ იმიტომ, რომ რეცეპტით პრეპარატი ფასდაკლებით უნდა გაყიდონ. რეცეპტის გარეშე კი უფრო ძვირს ახდევინებენ”, – აცხადებს კოკა ლაბარტყავა.

მისი თქმით, ფსიქოტროპული პრეპარატები დღეს ხელმისაწვდომია და ეს სერიოზული პრობლემაა. მას ადამიანები არადანიშნულებისამებრ მოიხმარენ. სააფთიაქო ნარკომანიას, როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, ზედა ინსტანციებში მფარველობენ.

“ძალოვანების მხრიდან არ გვახსოვს ქმედითი ნაბიჯები, იხურებოდა აფთიაქები, მაგრამ შემდგომ ისევ იხსნებოდა. ამას სათავე ჰქონია ზევით, ამ ბოლო დროს ეს მფარველობითი სისტემა კარგად გამოჩნდა. ეს ნარკოპოლიტიკა ყოველდღე გვართმევს ყველაზე ფასეულს, ადამიანების სიცოცხლეს”, – აცხადებს კოკა ლაბარტყავა.

მსგავსი თემები