რელიგიური შეკრების გამართვის შემდეგ, ინდოეთში მუსლიმური სემინარიის ხელმძღვანელს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი

ინდოეთში მუსლიმური სემინარიის ხელმძღვანელს არაგანზრახ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი, მას შემდეგ, რაც მან დელიში რელიგიური შეკრება გამართა, რასაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოჰყვა.

პოლიციის განცხადებით, მუსლიმური რელიგიური ჯგუფის, „ტაბლიგი ჯამაათის“ ლიდერმა, მუჰამედ საად ხანდალვიმ მარტში ორჯერ უგულვებელყო სამართალდამცველების გაფრთხილება და რელიგიური შეკრება მაინც ჩაატარა. დელიში მდებარე რელიგიურ ცენტრში ღონისძიება 3 მარტს დაიწყო და არ შეწყდა მაშინაც კი, როდესაც პრემიერ-მინისტრმა, ნარენდა მოდიმ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რელიგიური ჯგუფის შეკრებამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მრავალი კლასტერი გააჩინა. კერძოდ, რელიგიურ ღონისძიებას უკავშირდება 17 შტატში გამოვლენილი ინფიცირების ათასზე მეტი შემთხვევა. შეკრებას ინდოეთის სხვადასხვა შტატიდან, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებიდან ჩასული პირები ესწრებოდნენ, მათ შორის ინდონეზიიდან, მალაიზიიდან და ბანგლადეშიდან.

მუჰამედ საად ხანდალვის ბრალი თვითიზოლაციაში ყოფნისას წაუყენეს. თავდაპირველად მას ბრალი ედებოდა კარანტინის წესების დარღვევაში.

მუსლიმური რელიგიური ჯგუფი „ტაბლიგი ჯამაათი“ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ღონისძიება შეაჩერეს კარანტინის გამოცხადებისთანავე, თუმცა შეკრების მონაწილეთა ნაწილმა ქვეყნის სხვა შტატებში დაბრუნება ვეღარ შეძლო, რადგან ჩაიკეტა შიდა საზღვრები და ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა.

შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პოლიციასთან და მედიკოსებთან თანამშრომლობენ.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 387 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 437 ადამიანი.

მსგავსი თემები