რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე განთავსდება

რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე – გლდანში, დიდუბესა და ორხევში განთავსდება. 

პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ განახორციელებს, რომელსაც ყველა მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს.

ფერმერებსა და შპს „ჯიბეს“ დამაკავშირებელი რგოლი სამინისტრო და რეგიონალური შტაბი იქნება, რათა ფერმერების მობილიზება და პროდუქტის ჩაბარება ორგანიზებულად, ყველა რეკომენდაციის დაცვით მოხდეს.

„ჩვენ ვიქნებით დამაკავშირებელი რგოლი ფერმერებსა და შპს „ჯიბეს“ შორის. კერძოდ, ორგანიზება მოხდება სამინისტროს და გუბერნიასთან არსებული რეგიონალური შტაბის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე აცნობებს ფერმერებს, სად, რომელ საათზე და როგორ მოხდება პროდუქტის ჩაბარება. ეს კეთდება იმისთვის, რომ კომპანიას კარდაკარ არ მოუწიოს სიარული და ფერმერების მობილიზება ორგანიზებულად მოხდეს.

ჯერჯერობით, საუბარია სამ რეგიონზე: მარნეულზე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთზე. შემდეგ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება პროდუქტების შეძენა და ჩამოტანა“,- აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე.

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოვაჭრეებს თავიანთი წარმოებული მალფუჭებადი სურსათი ბითუმად მიაწოდონ. 

მსგავსი თემები