“რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, შვიდი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე” – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 90 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, რვა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან შვიდი მართვით სუნთქვაზეა.

თუმცა, რატიანის განმარტებით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე კორონავირუსით არ არის განპირობებული, ვინაიდან ორჯერადი ტესტის მეშვეობით მას კოვიდინფექცია არ უდასტურდება.

„რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, შვიდი პაციენტი არის მართვით სუნთქვაზე, ერთი პაციენტი, რომელიც არის 67 წლის ბატონი, შემოსულია კლინიკაში დაახლოებით 20 დღის წინ, მისი მდგომარეობა რჩება კრიტიკული. მისი სიმძიმე გამოწვეულია ამ ეტაპზე კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით, ვინაიდან ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან ორჯერადი კვლევით არ არის კოვიდინფექცია. ამ ეტაპზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს კოვიდინფექცია არ გააჩნია, მისი დამძიმების მიზეზია ქრონიკული გულის უკმარისობა. ასევე ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, პაციენტს უტარდება ყველანაირი მკურნალობა, ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი ასევე არის მძიმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია. სხვა პაციენტები, რომლებიც ასევე აგრძელებენ რეანიმაციაში მკურნალობას, მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ბოლო 24 საათში დადებითი კლინიკით გვაქვს, ვინაიდან ხორციელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის ეტაპობრივი გამარტივება“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის განმარტებით, კლინიკაში მყოფი სამი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და მათ კორონავირუსზე პირველადი ტესტი ჩაუატრდებათ.

მსგავსი თემები