რა უჯდება სახელმწიფოს პირბადეების შესყიდვა – IDFI-ს კვლევა

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გაჩნდა პირბადეების დეფიციტი, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით მოეგვარებინა არსებული პრობლემა.

გარდა ადგილობრივი წარმოებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეები სახელმწიფო შესყიდვების გზითაც შეიძინა. ამისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. განხორციელდა 10 შესყიდვა ექვსი კომპანიისგან.

თითოეულ შემთხვევაში ერთეული პირბადის ფასი განსხვავებული იყო:

ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული შესყიდვის ხელშეკრულებაში თანხა ამერიკული დოლარის ვალუტაშია მითითებული და ინვოისის მიხედვით, თითო სამშრიანი პირბადის ღირებულება 0.27 ცენტია. ხელშეკრულება 6 აპრილსაა დადებული, შესაბამისად, სავარაუდო ფასის გამოსაანგარიშებლად მითითებული თანხა სწორედ ამ დღის კურსზეა გამრავლებული. იმავე მომწოდებელი კომპანიისგან სამინისტრომ შეიძინა ორი განსხვავებული სახეობის ე.წ. N95 პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია. 

რიგით მეორე ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანია შპს “ად მედიაა”. მათი პირბადეების ფასმა 0.93 ლარი შეადგინა, თუმცა სულ 40,000 პირბადის შეკვეთა მიიღო.

ხელშეკრულება 26 მარტს გაფორმდა შპს “ქართულ ტექსტილთან” 500,000 ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე, რომელიც 8 აპრილს დაკორექტირდა და ცვლილებების მიხედვით სამინისტრომ 100,000 სამშრიანი პირბადე 114,000 ათას ლარად შეიძინა, შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა.

სწორედ შპს “ქართულ ტექსტილთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მეორე შესყიდვა 30 მარტს განხორციელდა. შპს “სავაჭრო ჯგუფთან”თავდაპირველად ხელშეკრულება 681,000 ათასი ლარის ღირებულების იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თითო პირბადეს 1.50 ლარად ყიდდა, პირველ კომპანიაზე ძვირად.  თუმცა 2 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა ამჯერად სამინისტრომ 454,000 სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი 589,000 ლარად შეისყიდა. ცვლილებით შეკვეთილი პირბადეები ორ ნაწილად გაიყო: 400,000 პირბადე – თითოს ფასი 1 ლარი 27 თეთრი (ჯამში 508,000 ლარი) და 54,000 პირბადე – თითოს ფასი 1 ლარი და 50 თეთრი (ჯამში 81,000 ლარი). ხელშეკრულების პირობის თანახმად, 54,000 ათასი ცალი პირბადის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადების დღესვე, 30 მარტს. ამ კომპანიასთან შემდეგი ხელშეკრულება სამინისტრომ უკვე 3 აპრილს გააფორმა და 500,000 პირბადე შეუკვეთა, თითოს ფასმა ისევ 1.27 ლარი შეადგინა.

3 აპრილს სამინისტრომ შეისყიდა პლასტიკის ნიღბები, 20 ათასი ერთეული  44,000 ლარად, შესაბამისად თითო ნიღბის ფასმა შეადგინა 2 ლარი და 20 თეთრი. 

ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

მსგავსი თემები