რა სარგებელი უნდა მიეღო საქართველოს „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ თბილისში ჩატარებით?! (ვიდეო)

ყოფილმა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ის ძირითადი 4 მიზეზი დაასახელა, რის გამოც საქართველოში „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ (IAO) უნდა გამართულიყო. ასევე, განმარტა, თუ რა გათვლა ჰქონდა ქვეყანას და რა სარგებელს მოგვიტანდა  IAO-ს საქართველოს მასპინძლობა.

როგორც ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა“ ერთადერთია, რომელიც 4 კონტინენტის 25 სახელმწიფოს აერთიანებს.

მიზეზი პირველი:

„ამ ორგანიზაციაში მუშაობა მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკისთვის. საქართველოს წარმატება სწორედ რეგიონულ და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების კარგად დაუფლებასა და მათ სწორად გამოყენებაშია. ამის მაგალითია რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის და  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი აშენების ისტორია.  ჩვენ დიდი წარმატების მიღწევა შევძელით მხოლოდ მაშინ, როდესაც მოვახერხეთ და ჩვენი ეროვნული ინტერესის საგანი რეგიონულ ან გლობალური მასშტაბის პროცესს მოვარგეთ, გნებავთ ასე ვთქვათ მასში ჩავაქსოვეთ. IAO არ უნდა მივატოვოთ იმის გამო, რომ იქ რუსეთიც არის. 2013-2015 წლებში, ამ ორგანიზაციაში მუშაობისას ჩვენი ძალისხმევით, ზატულინის გეგმა ვერ განხორციელდა. მისი გეგმა გულისხმობდა აფხაზი და ოსი ხალხების დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების დამკვირვებლის სტატუსით საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართვას. ეს მათ საშუალებას მისცემდა პირდაპირი კავშირი ჰქონოდათ ამ ორგანიზაციის წევრ 25 სახელმწიფოსთან.  მართლმადიდებლურ სამყაროში რუსეთის რეალური გავლენის სწორად შეფასების უკანასკნელი მაგალითია მსოფლიო პატრიარქის უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის გარშემო განვითარებული მოვლენები. რუსეთის დელეგაცია და კერძოდ ზატულინი, ყველაფერს ცდილობდა, რომ IAO-ს არ დაეშვა უკრაინის ეკლესიისათვის ტომუსის გადაცემა. ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ კი დაეგმო მსოფლიო პატრიარქის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ მომხდარა. ამიტომ ამ სამყაროში რუსული ინტერესების უპირობო აღსრულებაზე საუბარი დღევანდელი პოლიტიკის მე-19 საუკუნის დროინდელი აღქმაა“ – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მიზეზი მეორე:

დეპუტატის შეფასებით, ზემოთ მოყვანილი ორი მაგალითი: 1. აფხაზი და ოსი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა დამკვირვებლის სტასტუსით IAO-ში დაუშვებლობა და 2 – უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის გარშემო ამავე ორგანიზაციის მხრიდან ნეიტრალური პოზიციის დაკავება, ნათლად აჩვენებს იმას, თუ რამხელაა მართლმადიდებლურ სამყაროში რუსეთის „გავლენა“.

შემდეგი მიზეზი, რაზეც ქუცნაშვილმა ყურადღება გაამახვილა, ეკონომიკური ინტერესი და საქართველოს ცნობადობის გაზრდაა, რაც „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ წევრობას ქვეყნისთვის უნდა მოეტანა.

„საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა, ლამის, ჩვენი ეროვნული ინტერესების გატანისთვის“ – განაცხადა ყოფილმა დეპუტატმა.

მიზეზი მესამე:

„მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ასპარეზზე  ქვეყნის ცნობადობის გაზრდა. ამისთვის ყველა ქვეყანა ისწრაფვის და სხვადასხვა საშულებას იყენებენ, დაწყებული ეგზოტიკურით, დამთავრებული ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სხვა ფორმებით. ასამბლეა საქართველოში ცივილურად რომ შემდგარიყო, ეს იქნებოდა მესამე შემთხვევა ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო  ასამბლეის შემდეგ, როცა თბილისს ამ ორგანიზაციის მასპინძლის სტატუსი ექნებოდა და საერთაშორისო ფორუმების თბილისში ჩატარება არაღიარების პოლიტიკის გამტკიცების გარდა, ქვეყნის ცნობადობასაც გაზრდიდა“ – აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა.

მიზეზი მეოთხე:

„ეკონომიკური ინტერესი, კერძოდ, პილიგრიმული ტურიზმის განვითარება, რაც ერთ-ერთი მოთხოვნადია მსოფლიოში. საქართველოში ამ ასამბლეის გამართვა თვისობრივად ხელს შეუწყობდა პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას, თუმცა, პირიქით საქართველო დადგა სერიოზილი დარტმის ქვეშ და მათ შორის ტურიზმის სფეროში“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.


https://mcm.ge/%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90/

მსგავსი თემები