“რა მოტივი ჰქონდათ ვერ ვხვდები, ცუდად არ მიმიმართავს მათთვის” – კოკა კობალაძე ცემის ფაქტზე

პოლიციის თანამშრომლების მიერ, საკუთარ სახლში ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცი კოკა კობალაძე, მომხდართან დაკავშირებით დროული რეაგირებისთვის მადლობა უხდის შს მინისტრს და აცხადებს, რომ გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მას პირადად დაჰპირდა მომხდარის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოკა კობალაძემ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მომხდარის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მას დაზიანებები აქვს გულ-მკერდის არეში, მიიღო ტვინის შერყევა და თვალი აქვს პარალიზებული.

“ახლა უკვე უკეთ გამოვიყურები ვიდრე რამდენიმე დღის წინ ვიყავი. ვფიქრობ, მკურნალობა უნდა გავაგრძელო. თვალზე ცოტა პრობლემები მაქვს”, – აცხადებს კოკა კობალაძე და დასძენს, რომ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას არ მოითხოვს.

“დიდი მადლობა  შს მინისტრს, ძალიან კარგია, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ჩემს სახლში მომხდარის გამო, სამსახურიდან დაითხოვა 4 პოლიციელი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უშუალოს მონაწილეობდნენ ჩემს მიმართ ძალადობაში. მისი ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია. უღრმესი მადლობა გენერალურ ინსპექციის უფროსს, რომელიც პირადად დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით, პირადად მოვიდა ჩემთან სახლში და დამპირდა, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა, მან ეს პირობა შეასრულა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის მაგალითზე დანარჩენი პოლიციელები მსგავსს არაფერს ჩაიდენენ”, – აცხადებს კოკა კობალაძე.

როგორც დაზარალებული ყვება, ის სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც მასთან სახლში ორი უცნობი პიროვნება მივიდა. ერთ-ერთ ეცვა შსს-ს მაისური, ხოლო მეორეს სამოქალაქო ტანისამოსი. მათ არც ორდერი, ან რაიმე საბუთი არ წარუდგენიათ.

“მითხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ. სამზარეულოში მივიპატიჟე. – რამდენიმე კითხვა გვაქვსო, ალექსანდრე კობალაძის ვინ ხართო? – შვილი მეთქი, – ვუპასუხე.
​არც ორდერი, არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ ჩემთვის. აინტერესებდათ, სად იმყოფებოდა მამა და რა ურთიერთობა მქონდა მასთან. რიტორიკურად მომეჩვენა ეს კითხვები და ვუპასუხე რომ არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რასაც მეკითხებოდნენ.  – ​ბოლოს ჩვენმა ხალხმა შეამჩნია რუსეთშიო, – მითხრეს.
​როდესაც ხელი მოვაწერე ჩვენებას, მაგის მერე მკითხეს, – ვინ ცხოვრობს ამ სახლში და ვინ იმყოფება ამჟამად სახლშიო? როცა ვუპასუხე მარტო ვარ მეთქი, ​ამ პასუხს მოჰყვა უკვე მათი მხრიდან აგრესია, – არ იცი, არა ბიჭო სად არის მამაშენიო?! – და დამარტყა. ​პირველი ვისაც დახმარება ვთხოვე ტელეფონით იყო ჩემი ოჯახის წევრი იყო და მეგობარი. რა მოტივი ჰქონდათ დღემდე ვერ ვხვდები, ცუდად არ მიმიმართავს მათთვის, ალბათ, ის, იყო, რომ მათთვის სასურველი ინფორმაცია ვერ მივაწოდე”, – აცხადებს დაზარალებული კობა კობალაძე.

აღსანიშნავია, რომ გლდანში მცხოვრები 20 წლის კობა კობალაძეს, ამავე რაიონის პოლიციის ორმა თანამშრომელმა, რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში სცემეს. სხეულის დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. შს მინისტრმა მომხდარის გამო სამსახურიდან დაითხოვა პოლიციის 4 თანამშრომელი.
მომხდარი დავარაუდოდ უკავშირდება, 16-17 აპრილს, ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დაკავებას, რომელთა შორის არის 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“, რომელიც კოკა კობალაძის მამაა.

მსგავსი თემები