რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე? – ეკა ბესელიას ჯგუფმა კანონპროექტი წარადგინა

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულმა დეპუტატებმა, ე.წ ეკა ბესელიას ჯგუფმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადეს, რომელსაც ხელს 13 დეპუტატი აწერს. თუმცა ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მას კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება და საბოლოოდ იმდენი, რომ პარლამენტმა მიიღოს სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც გამართული სასამართლო სისტემისა და სამართლიანი მართლმსაჯულების გარანტი იქნება, რომ დაცული იქნება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები.

როგორც ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, პირველ რიგში, ღია და საჯარო კონკურსია, რომელში მონაწილეობა ყველას შეეძლება, თუ ადამიანი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს.

სტანდარტები და მოთხოვნა ასეთია: ასაკი – 30 წელი, იურიდიული განათლება და პროფესიული გამოცდილება. ამას ემატება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც არის სპეციალური კითხვარის შევსება, რომელიც მოამზადა სამოქალაქო სექტორმა -კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

ეკა ბესელიას განმარტებით, ამ ინიციატივით, იუსტიციის საბჭოსთვის დადგენილი იქნება კვორუმი და საჭირო იქნება, რომ როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული ე.წ გრძელი სიის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭო შეამოწმებს რა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობას, ამ სიას წარუდგენს პარლამენტს.

“ბოლო პერიოდის მოვლენებმა ცხადყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესის მატარებელი გახდა და რომელმაც ძალიან სერიოზული პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია არის სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და კრიტერიუმები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.  

მსგავსი თემები