რა თქვა სინამდვილეში პრეზიდენტმა – სამხედრო ექსპერტი განმარტებას აკეთებს

“მესმის პრეზიდენტს რისი თქმა სურდა. სიტყვები სხვაგვარად რომ დაელაგებინა, ყველა გაიგებდა იმას, რაც მე გავიგე. მომისმენია მისი სიტყვები, რომელიც თავად დაუწერია, წაუკითხავს და ვერ შეედავები,” – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავართან” ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ამირან სალუქვაძემ საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

ამირან სალუქვაძის განცხადებით, პრეზიდენტს სურდა ეთქვა, რომ საქართველო რეგიონს დაიპყრობს განათლებით და კულტურით. ექსპერტის თქმით, პრეზიდენმა სათქმელი ვერ ჩამოაყალიბა, რაც საზოგადოებამ არასწორად გაიგო.

“ფრაზა შეიძლება კონტექსტიდან ამოგლეჯილია, შეიძლება თვითონ ფიქრობს, რომ ვერ გავიგეთ, რა იგულისხმა. მას უნდოდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ისეთი ჯარის ყოლას, რომელმაც უნდა დაიპყროს რეგიონი. ჩვენ რეგიონის დაპყრობას ვაპირებთ ცოდნით, მეცნიერებით, კულტურით და ა.შ. ესე, რომ ეთქვა, ვინ რას იტყოდა, პირიქით, გაისუსებოდნენ, ხმას არ ამოიღებდნენ. მთლიანობაში ეს იყო მთავარი სათქმელი. მაგრამ ამ ფრაზას, სჭირდება სწორად ჩამოყალიბება. პირველად არ ხდება პრეზიდენტის მიმართ ჩასაფრება, თუმცა, საჯარო პირი, ამისთვის მზად უნდა იყო, მითუმეტეს, როდესაც საქართველოს მთავარსარდალი ხარ და ჯარზე ლაპარაკობ. კრიტიკა უნდა მიიღოს პრეზიდენტმა,” – განუცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

კითხვაზე, პრეზიდენტის ეს განცხადება, იყო თუ არა გზავნილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, ექსპერტი პასუხობს, რომ არა:

“არამგონია, პრეზიდენტის ეს განცხადება გზავნილი იყოს ღარიბაშვილის მიმართ. მინდა, ყოველ შემთხვევაში მჯეროდეს, რომ მას უნდოდა იმის თქმა რაც აღვნიშნე. მას კარგის თქმა უნდოდა, მაგრამ გამოუვიდა ის, რაც გამოუვიდა. არ ვამართლებ, მაგრამ გულახდილობა მოითხოვს ვთქვა, თუ რას გულისხმობდა და რისი თქმა სურდა, თუმცა უმჯობესი იყო, სხვა ფორმით გადმოეცა,”- განუცხადა ამირან სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები