რა არის საქართველოში სკოლამდელი განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზი?! – კვლევის შედეგები

საქართველოს სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევამ, რაც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), საერთაშორისო კონსულტანტის ხელმძღვანელობით, 2018 წელს ერთობლივად ჩაატარეს,  საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზები გამოავლინა.

სკოლამდელი ზრდისა და განათლების ხარისხის დღის წესრიგში ნათქვამია, რომ ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანი საფუძველი, ადამიანის მთელი შემდგომი წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა.

„სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანი სისტემა საფუძველია სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებში სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, მათი სასკოლო განათლების დასრულებამდე.

ამასთან, ადრეული და სკოლამდელი განათლება მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის და ყველა ბავშვისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

არსებობს ფართო კონსენსუსი მკვლევრებს, ორგანიზაციებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხი, და საბოლოო ჯამში, შედეგები ბავშვებისა და ოჯახებისთვის, დამოკიდებულია სათანადო განათლების მქონე და კომპეტენტურ კადრებზე.

ხარისხიანი ადრეული განათლების მნიშვნელობაზე საგანგებოდ არის მითითებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგში, რაც ითვალისწინებს, რომ 2030 წლისთვის „ყველა გოგოსა და ბიჭს ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან ადრეულ განვითარებაზე, ზრუნვასა და სკოლამდელ განათლებაზე ისე, რომ ისინი მზად იყვნენ დაწყებითი განათლებისთვის“ და მოუწოდებს სკოლაში ჩარიცხვამდე სულ მცირე ერთწლიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისაკენ.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%) ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა 95%) დაბალია. ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში (33%), სოციალურად დაუცველ ბავშვებში (39,7%) და სოფლად (46,8%).

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში, საბავშვო ბაღში სრული ინკლუზიისა და მონაწილეობის თვალსაზრისით, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჩარიცხვის მაჩვენებლები მაღალია, დიდია ბავშვების რაოდენობაც თითო ჯგუფში (მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია), რაც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. ამდენად, ხარისხისა და პერსონალისთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად, ქალაქად, თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად, მეტი ჯგუფისა და აღმზრდელის საჭიროება იკვეთება.

არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის ხელშემწყობი თანმიმდევრული პოლიტიკა, თუ არ ჩავთვლით უფასო კვების შემოღებას, არც მუნიციპალურ და არც ეროვნულ დონეზე, არ არსებობს.

მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, მონაცემებს ზოგადი ჩართულობის ან არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფებისთვის ჩართულობის მაჩვენებლების შესახებ, არ აგროვებს. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კერძო დაწესებულებებში ბავშვთა ჩართულობის ამსახველი მონაცემები არ მოიპოვება, რადგან მუნიციპალიტეტები არ აგროვებენ მონაცემებს კერძო სკოლამდელი დაწესებულებებიდან; თუმცა, სხვა კვლევების თანახმად, კერძო სექტორი მხოლოდ ჩარიცხულ ბავშვთა მცირე წილს (2%) ემსახურება.

ზოგადად, საბავშვო ბაღების პერსონალის კომპეტენციები, მრავალფეროვნების კონტექსტში სამუშაოდ, დაბალია. ასევე დაბალია ცოდნა და კომპეტენციები არახელსაყრელი მდგომარეობისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებით.

სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამშრომლებს ერთგვარი უნდობლობა აქვთ არახელსაყრელი მდგომარეობის მქონე ბავშვთა მშობლების მიმართ, ისევე როგორც იმ მშობლების მიმართ, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილები ჰყავთ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინკლუზიისთვის მნიშვნელოვანი ბარიერებია: ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ჯგუფებში ბავშვების სიმრავლე და აღმზრდელთა დაბალი კომპეტენციები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზოგიერთი ბავშვი სკოლამდელ განათლებას შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სოციალური სტიგმის გამო ვერ იღებს. იმ მუნიციპალიტეტებშიც (ძირითადად, ქალაქებში), სადაც დაქირავებულია სპეციალიზებული დამხმარე კადრები. ამ კადრების კომპეტენცია და კვალიფიკაცია კი, ხშირად, შეუსაბამოა და ვერ უზრუნველყოფს საბავშვო ბაღში ინკლუზიური განათლების დანერგვას.

მაგალითად, სპეც. პედაგოგებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები, ხშირად, ჯგუფიდან გაჰყავთ და მათთან ინდივიდუალურად მუშაობენ ნაცვლად იმისა, რომ აღმზრდელს ეხმარებოდნენ ამ ბავშვების ჯგუფში, თანატოლებთან ერთად თამაშსა თუ აქტივობებში სრულად მონაწილეობაში.

სკოლამდელი დაწესებულებები მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან, ვინაიდან პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან აქვს ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება.

57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია. ამასთან, დირექტორთა 50% არ ფლობს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებულ განათლებას.

კვლევამ აჩვენა, რომ 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი. მრავალი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის (სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვ.) ნაკლებობაც.

მაშინ, როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა აღიარებს მაღალი ხარისხის პირველადი განათლების მნიშვნელობას, მხოლოდ მცირე ნაწილს თუ აქვს გავლილი უნივერსიტეტში სპეციალიზებული მომზადება ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების საკითხებზე, თანაც დაახლოებით, 20 ან 25 წლის წინ.

მათი განათლება ძირითადად თეორიული კურსებით შემოიფარგლებოდა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას არ მოიაზრებდა. თუმცა, როგორც კვლევა გვიჩვენებს, კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის, ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობისთვის აუცილებელი კომპეტენციების შესაძენად, არსებითია.

ამჟამად უკვე არის პროფესიული განათლების პროგრამები, რომლებიც აქცენტს უფრო მეტად პრაქტიკულ უნარებზე აკეთებენ და გამოკითხულთა ინფორმაციით, არსებობს ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების დარგში სპეციალიზებული საბაკალავრო განათლების მწვავე საჭიროება.

საუნივერსიტეტო დონეზე, ადრეული აღზრდა და განათლება მხოლოდ მეორადი პროგრამაა (მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში), რომელიც კურსდამთავრებულს კვალიფიკაციას არ ანიჭებს, რაც, ბუნებრივია, სკოლამდელი განათლების დარგში სამუშაოდ პედაგოგების მოსამზადებლად, საკმარისი არ არის.

სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის უმრავლესობას ტრენინგი არ გაუვლია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. მენტორობა, „ქოუჩინგი“, როგორც წესი, უცნობი ან ახალი მიდგომაა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიმართ; ამ მხრივ, აღსანიშნავია იმ მეთოდების ნაკლებობა, რომელთა ეფექტიანობა დამტკიცებულია და რომლებიც სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა.

აღმზრდელებისა და პედაგოგების უმრავლესობა მოწადინებულია, გაიაროს კურსები პროფესიული კომპეტენციების გასაუმჯობესებლად, მაგრამ დაწესებულებებს თავისი კადრებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების საფასურის ასანაზღაურებლად ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ, და ვინაიდან აღმზრდელებისა და პედაგოგების ხელფასი მეტად დაბალია, ისინი ვერ ახერხებენ ამგვარ კურსებზე დასწრებას.

ამასთან, ბევრ მუნიციპალიტეტში აღმზრდელებს და თანაშემწეებს არ აქვთ ე.წ. არასაკონტაქტო საათები (ჯგუფს გარეთ სამუშაო დრო), რომლებიც გამოყოფილი იქნებოდა პროფესიული განვითარებისთვის. რადგანაც უწყვეტი პროფესიული განვითარების რაიმე პროგრამა, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აქვს გავლილი, ადრეული აღზრდისა და განათლების დარგში თანამედროვე მიდგომებზე, მათ ხელი არ მიუწვდებათ.

ამდენად, მნიშვნელოვანია, შეიქმნას და მთავრობამ დააფინანსოს უწყვეტი პროფესიული განვითარების პოლიტიკა (კურსები და „ქოუჩინგი“), ვინაიდან უწყვეტი პროფესიული განვითარება არსებითია სკოლამდელი განათლების პერსონალის კომპეტენციების გასაზრდელად და ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ აღმზრდელთა სოციალური სტატუსი მეტად დაბალია. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის, მათ შორის დირექტორების, ხელფასი ძალზე დაბალია. სრულ განაკვეთზე დასაქმებული აღმზრდელის საშუალო ყოველთვიური ხელფასი 336 ლარს შეადგენს, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია, ვიდრე საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი (940 ლარი). ამასთან, არ არსებობს ხელფასის ზრდის სისტემა.

სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობაში ჯგუფებში ბევრი ბავშვია, რაც საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს საგრძნობლად აუარესებს: აღმზრდელები ვერ ახერხებენ ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას და ისეთ პედაგოგიურ და ქცევის მართვის სტრატეგიებს იყენებენ, რომლებიც ბავშვების განვითარებისთვის შეუსაბამოა. სხვა პრობლემები, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მოიცავს საბავშვო ბაღების უმრავლესობაში აღმზრდელების ხანგრძლივ სამუშაო საათებსა და არასაკონტაქტო საათების ნაკლებობას (უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, დაგეგმვისთვის, თვითშეფასებისთვის და სხვ.).

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გადატვირთული ჯგუფები, ხანგრძლივი სამუშაო საათები, დაბალი ხელფასები, საწყისი (საუნივერსიტეტო) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ნაკლებობასთან ერთად, საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზებია”, – აღნიშნულია საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) კვლევების შედეგად გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი თემები