რაჭაში მუჯურეთულის და ალექსანდროულის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან  

რაჭის რეგიონში წელს, ყურძნის საუკეთესო მოსავალი აქვთ. რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია. წინასწარი მონაცემებით მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან. ამ დროისთვის უკვე, 1080 ტონა ყურძენი დაიკრიფა და ჩაბარდა.

​როგორც რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ანდრო ასლანიშვილი აცხადებს, ხარისხთან ერთად, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წინა წლებთან შედარებით, წლეულს თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან.

მისივე ინფორმაციით, რაჭაში ყურძნის კრეფა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია 5 ადგილას იბარებს. რთველის საკოორდინაციო შტაბში კი სულ 33 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებენ.

აღსანიშნავია, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. ყურძნის მიმღები პუნქტები 09 საათიდან 18.00 საათამდე მუშაობს. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.
რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.

მსგავსი თემები