“რაც ჩემთვის საინტერესოა, მარიხუანის რენტაბელობა – 500%-ზე მეტია” – ბიძინა ივანიშვილი

​მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მცენარე კანაფის კულტივაციაზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დარწმუნდება, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ხელისუფლება საზოგადოების წინააღმდეგ არ წავა.
ივანიშვილი აღიარებს, რომ კანონპროექტის განხილვაში თავადაც მონაწილეობს, რადგან მისთვის საინტერესოა მარიხუანის რენტაბელობა, რაც – 500%-ზე მეტია.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს შორის ამ ნარკოტიკს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დირექტორი ნიკა გვარამია.

” ის, რომ საპატრიარქო ღელავს და შფოთავს, მისი უწმინდესობა, მეუფე შიო და ბევრი პატივცემული მეუფე, ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ქართული ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე, ჭეშმარიტად და ობიექტურად აღელვებს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა თემა, ეს გასაგებია, მაგრამ ამას რომ იწერს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცინიზმია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტში, რომელიც პარლამენტში შევიდა, საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური მოხმარების მიზნით და არსად ყოფილა საუბარი ნარკოტიკულ მოხმარებაზე.

“მეც ვმონაწილეობდი კანონპროექტის განხილვაში, სანამ პარლამენტში შევიდოდა. რასაც აქვს ხიბლი ამ წარმოებაში და რატომაც შევიდა ეს კანონპროექტი პარლამენტში, ეს არის ძალიან დიდი რენტაბელობა, რაც ჩემთვის საინტერესოა – 500%-ზე მეტია და არის ძალიან დიდი ობიექტური გათვლები იმისა, რომ შეიძლება მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდეს ერთ, ორ და სამ წელიწადში”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

მსგავსი თემები