რაც ფაროსანას გადაურჩა სოკომ გაანადგურა – თხილის მოსავალი გურიაში

„აზიური ფაროსანასგან“ გადარჩენილი თხილი 8 სახის სოკოვანმა დაავადებამ მთლიანად გაანადგურა.  სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული შემოწმების შედეგად დაასკვნეს, რომ მისი მტერი სოკოვანი დაავადებებია.

ფომოფსისი, კიბო, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი – ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რამაც თხილი დაალპო და გაანადგურა.

კვლევები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში ერთობლივად მიმდინარეობდა.

სამსახურის წარმომადგენლებმა მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუში ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ფერმერთა ნაკვეთებიდან აიღეს. ერთანეთს შეადარეს შეუწამლავი და შეწამლული თხილი და შედეგი ასეთი აღმოჩნდა:   შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული – 3%, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%-ია. შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66%-სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული, 6% – ფაროსანათი მიყენებული ზიანია.

იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარეს, თხილის მოსავლის მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანათი, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული მიიღეს.

მსგავსი თემები