რაც უნდა გაბრაზებული იყოს ხალხი “ქართულ ოცნებაზე”, “ნაციონალების” რევანში წარმოუდგენელია – ია მეტრეველი

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, პოლიციის მიერ მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ, რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს ხალხი “ქართულ ოცნებაზე” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება და მათი რევანში წარმოუდგენელია. 

​როგორც მედიაცენტრ “მთავარის” პრესკლუბში სტუმრობისას ია მეტრეველმა დღეს განაცხადა, ბევრად მეტია ქვეყანაში საღად მოაზროვნე ადამიანი, რომლებიც ასევე ფიქრობენ, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან ლოიალურები არიან.

​ია მეტრეველის აზრით, არც “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორისა და “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი სახელმწიფო მოხელის, ნიკა გვარამიას მხრიდან აქციაზე გამოვლენილი ქმედება სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო, როდესაც მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სალარიძის აქციის მონაწილე ქალბატონს, ხოლო ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით უცენზურო სიტყვებს ხმარობდა.

“როგორც შეიძლებოდა ამის გამო გვარამიას პასუხი არ ეგო, მაშინ როდესაც გაბუნიას გამო დღეს 6 ბიჭი კიდევ ზის ციხეში. მინდა მოვუწოდო “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ რა სურვილიც მათ ამოძრავებს ვერ განახორციელებენ. ქვეყნის რეგიონებში მიმდინარეობს მათი მომხრეების მობილიზაცია და ხალხის თბილისში ჩამოყვანას გეგმავენ მარშუტკებით“, როგორც მათ სჩვევიათ, ფულით თუ ისე, არაფრით გამოუვათ ეს ყველაფერი, ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ბევრად მეტია საღად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც არ დაუშვებენ მათ დაბრუნებას”, – აცხადებს ია მეტრეველი და 9 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.

​ია მეტრეველის თქმით, როდესაც ის იბრძოდა სამართლიანობისთვის, მაშინ მისი მხარდაჭერა ხალხს ეშინოდა. მისი შვილის მკვლელები გარეთ არიან, დღემდე მარტო იბრძვის და იტანს შეურაცხყოფებს, მაგრამ ხელისუფლების გადადგომა არ მოუთხოვია.

“ძალიან კარგია, ამ ადამიანმა ხმა რომ ამოიღო, მაგრამ, როცა მე ვიბრძოდი 9 წლის განმავლობაში, ვითხოვდი ხელისუფლების გადადგომას კი არა, ჩემი შვილის მკვლელების დასჯას, დღემდე, ჩემი შვილის მკვლელები გარეთ არიან, დღემდე ვიბრძვი მარტო, ჩემს გვერდით ძალიან ცოტა ადამიანი დგას. დღემდე ჩემი სასამართლო მიმდინარეობს და დღემდე ვარ მხეცების გარემოცვაში და ვიტან მათ შეურაცხყოფებს 6 წელია.  ამის მიუხედავად ზაზა სარალიძის მსგავსი კატეგორიული მოთხოვნები არ დამიყენებია. როდესაც ეუბნება პრემიერი, პროკურატურა და პარლამენტი ფეხზე დგას, საზოგადოება რაც მთავარია, აუცილებლად დადგება ის განაჩენი რაც მას სურს და აღარ უნდა ჭირდებოდეს მას ასეთი მობილიზაციები. როგორც ჩანს ეს ადამიანი თავად არის “ნაციონალების” მხარდამჭერი და წევრი და სურს გადადგეს ხელისუფლება, ასეთი სახე მიიღო ამ ყველაფერმა”, – აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა.

მსგავსი თემები