„რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, მისი მირების და მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 „თითოეული ჩვენთაგანი, არის ის ფრაქციაში გაერთიანებული, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი, ნებისმიერ შემთხვევაში თავის ემოციით, პიროვნული შეხედულებებით მოვიდა დღეს პარლამენტში. უკეთესი და უფრო გასაგები იქნება თუ ვიტყვით – პარლამენტამდე. სხვადასხვა ისტორიები გავიარეთ და ბევრ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ რეალურად ერთი მთავარი თემაა, რომელიც წესით, უნდა გვაერთიანებდეს. რაც არ უნდა ერთმანეთში დაპირისპირებულები ვიყოთ, მაინც არის ერთი გამაერთიანებელი და ეს არის – ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და არავინ არ თქვას, არავინ არ დაიჯეროს, რომ საქართველო გარეშე ფაქტორის გარეშე შეიძლება იყოს წარმატებული.

მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას და მასში ჩვენს როლს, ჩვენს პოზიციას. ფაქტია, რომ უპრეცენდენტოა ის მდგომარეობა, რაც დღეს გაგვაჩნია საერთაშორისო სტრუქტურებში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და  ევროკავშირთან ურთიერთობებში, თუ კი საერთაშორისო თანამეგობრობა რაღაც დოზით ჩარეულია ჩვენს ისტორიაში, განვითარებაში და სიტუაციის დალაგებაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა არავინ არ თქვას, რომ საქართველოში საზოგადოების, ხალხის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, ვინც არ უნდა ჩაერიოს. ასე რომ დამოუკიდებლობის ის დონე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია სრულად საკმარისია იმისთვის, რომ ტრაიცია შევინარჩუნოთ, ისტორიის საუკეთესო ნაწილების რეალიზაცია მოვახდინოთ ჩვენ ახალგაზრდობაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადაწყვეტილებაც სწორედ საქართველოში გადაწყდა და ვერ გაიზიარებს იმ ოპონენტების მოსაზრებებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესში გარე ჩართულობაზე საუბრობს. „ცვლილებებს უნდა დავუჭიროთ მხარი და პოლიტიკურ ასპარეზზე პაექრობა გავაგრძელოთ. ეს არის ის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროთ თუ კი ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა გვინდა. სტაბილურობა ის მთავარი ლოზუნგია, რომლითაც „ქართული ოცნება“ არსებობს, სტაბილურობის გარეშე განვითარებას ადგილი არ ექნება. წარმოდგენილი ცვლილებების დღევანდელი მხარდაჭერა იმის ქვაკუთხედია, რაზედაც ჩვენი მომავალი პოლიტიკური საზოგადოება უნდა აშენდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​

მსგავსი თემები