„რატომ ფიქრობს კერძო კლინიკა, რომ მის მოგებაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი“ – სალომე ლოლუა 520-ე დადგენილებაზე

„520-ე დადგენილების ერთადერთ ნაკლს იმაში ვხედავ, რომ გათანაბრებული ტარიფები სრულიად მოულოდნელი იყო საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის, პირველ რიგში კი კლინიკებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მოსამზადებელი ეტაპი უნდა ჩაეტარებინა და წინასწარი ინფორმაციული ფონი შეექმნა დადგენილების მიღებამდე. ამ შემთხვევაში, ასე მტკივნეულად აღარ მოხდებოდა მისი აღქმა“ – განაცხადა „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯზე ბიზნესის აწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული, კერძო კლინიკებს, მეტი მოგების მისაღებად, მათ მიერვე მიწოდებული ტარიფები დაუფაროს. სალომე ლოლუამ იმ კონკრეტულ პრობლემაზეც ისაუბრა, რამაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩიხში შეიყვანა.     

„აბსოლუტურად ვეთანხმები სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ რაციონალურად უნდა განაწილებულიყო ქვეყნის ბიუჯეტში არსებული თანხები და თითოეულ მოქალაქეს უნდა ეგრძნო საკუთარ თავზე საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე.  თუნდაც ის 10-20% რომელიც პაციენტის ჯიბიდანაა გადასახდელი, საკმაოდ კოლოსალურ თანხებს აღწევს. შესაბამისად, ეს თანხები როდესაც კლინიკებმა დადეს გარკვეულ მანიპულაციებზე – ოპერაციის თუ მკურნალობის თანხები, საკმაოდ არაგამჭვირვალე იყო და გადასცეს საყოველთაო ჯანდაცვას, რომ ჩვენ ამ და ამ ნოზოლოგიას ვუმკურნალებთ ამ თანხის სანაცვლოდ. საყოველთაო ჯანდაცვა დათანხმდა. თანხები იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ამ ყველაფერმა საყოველთაო ჯანდაცვა შეიყვანა ჩიხში, აუცილებელი გახდა ამ მოწოდებული ფინანსების გადახედვა და  მთლიანად საყოველთაო ჯანდაცვა  შეექმნა სერიოზული პრობლემა“ – აღნიშნა ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე ინფორმაციით, არასწორმა მანიპულაციებმა ჯანდაცვის სფერო მომგებიან ბიზნესად აქციეს, რაც არც ერთ ქვეყანაში ხდება.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 2014 წლიდან, რამდენიმე ათეული ახალი კერძო კლინიკა გაიხსნა, რომლებსაც ჰყავდათ ფინანსურად წელში გამართული დამფუძნებლები, საუკეთესო ინფრასტრუქტურა და ბოლო თაობის დიაგნოსტიკური სამედიცინო ტექნიკა. ასეთი კლინიკები, რომლებიც მომსახურების გაზრდილი ფასებით ჩაერთნენ ჯანდაცვის პროგრამაში, რა თქმა უნდა სხვა ფასები წარმოადგინეს. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სამედიცინო ბაზარი და სამედიცინო საქმიანობა, სამედიცინო სერვისის მიწოდება გახდა ბიზნესის სფერო. საქართველოს კი არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამ კლინიკებს ეს მომსახურება დაუფინანსოს. ამავე დროს, საქართველოში არის კლინიკები, რომლებიც ორიენტირებული არიან პაციენტის ინტერესზე, რომ მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად დაბალ ფასად“ – აღნიშნა „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში.

შესაბამისად, სალომე ლოლუა მიიჩნევს, რომ აუცილებელი იყო გარკვეული რეგულაციების დაწესება, მაგრამ საკმაოდ ხისტად მოხდა 520 დადგენილების შემოსვლა ბაზარზე.

„ექსპერტებმა დაიწყეს ამ ტარიფების გადახედვა, რათა მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა მაქსიმალური ყოფილიყო. მინდა სრულიად გავიზიარო რიგი ექსპერტების აზრი დავსვა კითხვა: რატომ ფიქრობს კერძო კლინიკა, რომ მისი მოგების თუ ხარჯების დაფარვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი? ერთიანი ტარიფი რასაც სახელმწიფო ადგენს, რასაკვირველია მიუღებელია კერძო კლინიკებისათვის, სადაც დირექტორების და ადმინისტრაციის ხუთმაგი ხელფასი სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზეა ალბათ ჩადებული.

არსად ევროპაში არ არის მედიცინა მომგებიანი ბიზნესი. ჩვენთან კი იმდენი კლინიკა გაიხსნა, 3 მილიონი ადამიანი ერთდროულად რომ დაწვეს კლინიკაში, საწოლების რაოდენობას მაინც ვერ შეავსებს. ასე რომ, ასოციაციის განცხადებით, ერთიანი ტარიფის შემოღება სწორი ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელია თანმიმდევრული ეტაპები“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები