„რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ – “ევრონიუსი” საქართველოზე წერს

„რატომ სურს ათასეულობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა “ევრონიუსი” ვრცელ სტატიას, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ორი კვირაა, საქართველოში საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და დემონსტრანტები პარლამენტის შენობას ბლოკავენ.

ავტორი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობს, საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის ცვლილების წინააღმდეგია.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, საპროტესტო აქციები თბილისის გარდა, გაიმართა მცხეთაში, ზუგდიდში, ფოთში, თელავსა და ოზურგეთში.

„აქტივისტებმა მუნიციპალური და სამთავრობო შენობების პიკეტირება მოახდინეს. ეს ქმედებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება საქართველოში დაცულია კანონით, მაგრამ უკანონო პიკეტირების შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიცია ასევე კანონის ფარგლებში იმოქმედებს“,- ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მოყვანილია გერმანიის ქალაქ გისენის უნივერსიტეტის ანალიტიკოსის მოსაზრება, რომელიც ვარაუდობს, რომ აქციები საქართველოში გაგრძელდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს.

„ოპოზიციას ძალიან ცოტა აქვს დასაკარგი“, – აცხადებს გერმანელი მკვლევარი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წელს საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა პირველად არ აგორდა და დემონსტრაციები ივნისშიც გაიმართა.

მსგავსი თემები