„რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას, ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში?“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა და რადენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა.

დეპუტატი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყანა ქაოსის წინაშე დადგება.

„მე არ ჩავეწერე კითხვებში პირველი, რათა მომესმინა ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, თუმცა, ჩემთვის არ იყო უცხო და ვფიქრობ არც თქვენთვის. ბატონო ირაკლი, მე თქვენ პატივს გცემთ, პატივს ვცემ თქვენს განათლებას. თქვენ შექმენით წიგნი „კონსტიტუციური სამართალი“ რაც ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი კითხვების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდა როცა გავეცანი თქვენს ნაშრომს. უმრავლესობის სხდომაზე, მე თქვენი წიგნით მინდოდა მესაუბრა თქვენთან, მე მჭირდება ძირითადად სამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით პასუხები“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან და 3 მთავარი კითხვა ჩამოაყალიბა.

„რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას, რომ მათ ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში? მეორე საკითხი ეს არის რისკები, რომელიც შეიძლება მოყვეს პროპორციული სისტემით არჩევნების შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბების და სტაბილურობის შენარჩუნების საკითხს. თქვენს წიგნში გიწერიათ, რომ ხშირად, კოალიციური მთავრობის დროს, არსებითი საკითხების მიღება რთულდება და ჭიანურდება, შეიძლება შეიქმნას სამთავრობო კოალიციები ისეთ პარტიებს შორის, რომელთა იდეოლოგიები და პროგრამები რთულად თავსებადია ერთმანეთთან. ამგვარმა კოალიციურმა შეთანხმებამ შეიძლება გამოიწვიოს პროგრამულ-იდეოლოგიური გარღვევა პოლიტიკურ სისტემაში.

კიდევ ერთი კითხვა: ჩვენი შეთანხმება 2024 წელს გადასვლა პროპორციულ სისტემაზე სწორი იყო, რომ პარალელურად მომხდარიყო ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება და შუამავალი რგოლი მაჟორიტარულის სახით აღარ დასჭირდებოდა მას მთავრობასთან ურთიერთობაში. თქვენ წახვედით კომპრომისზე, მე ვიცი, სწორი იყო თქვენი დამოკიდებულება, რამაც ჩემს კომპრომისულ გადაწყვეტილების მიღებაზე დადებითად იმუშავა. თქვენ შეეცადეთ ყველაფერი დაგეთმოთ, რომ სტაბილურობა ქუჩაში, პოლიტიკურ ველზე და საზოგადოებაშიც დამკვიდრებულიყო, რამეთუ იყო კრიზისული სიტუაცია. არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, თითქოს საზოგადოება ითხოვს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში სამ თვიანი არეულობა და ამ ყველაფრით ქვეყანა დადგება ქაოსის წინაშე, ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი და ამით ხელი ეწყობა დესტრუქციულ ძალას“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილება.

მსგავსი თემები