რატომ დაუნიშნა ფრანგმა ექიმმა პოლკოვნიკ წერეთელს დღეში 4 ლიტრი ღვინო – რეჯებ ჟორდანიას მოგონებები

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია, ქართული დიასპორული ფორუმის ფარგლებში, თბილისში იმყოფება.

ჟორდანიების შთამომავალი, ლევილის მამულის სახით საქართველოსთვის დიდ მონაპოვარზე საუბრობს და აცხადებს, რომ დევნილი მთავრობის წევრების ოცნება, როგორც იქნა, 21-ე საუკუნეში ასრულდა, რაც ქართველის ხალხის უდიდესი მონაპოვარია.

მისი თქმით, ლევილის ხელში ჩასაგდებად საბჭოთა საქართველოს ყველაფერს აკეთებდა, თუმცა, ის მხოლოდ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს დაუბრუნდა.

მოგვიანებით მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას რეჯებ ჟორდანიამ გაიხსენა ქართველი ემიგრანტების შვილების ფრანგული ცხოვრება, XIX საუკუნეში აგებულ შატო ლევილის სასახლე, რომელსაც მისივე თქმით, პირობითად ერქვა სასახლე და რომ სინამდვილეში ის, ორსართულიან შენობას წარმოადგენს, თავისი სხვენით​თითო სართულზე 12-12 ოთახი იყო განლაგებული, სადაც საქართველოდან დევნილი, დემოკრატიული მთავრობის წევრები ცხოვრობდნენ.

​”XX საუკუნის 20-იან წლებში პარიზი მსოფლიო დიპლომატიური ქალაქი იყო და საქართველოს განდევნილი მთავრობის წევრებმაც ამ ქვეყანას შეაფარეს თავი. ბავშვობაში სახლის სხვენში მეშინოდა ასვლა, რადგან მეგონა, რომ იქ მოჩვენებები ცხოვრობდნენ. სინამდვილეში, აქ ინახებოდა უამრავი დოკუმენტი. 1925 წლამდე ლევილი თავშესაფარს აძლევდა ყველა იმ ქართულ ოჯახებს, რომლებმაც საქართველო 1921 წლის საბჭოთა ანექსიის შედეგად იძულებით დატოვეს. მაშინ არ არსებობდა მიგრანტთა დახმარების სისტემა, სოციალური უსაფრთხოება, ამ დიდი შენობის ყველა სართულზე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა”, – განაცხადა რეჯებ ჟორდანიამ.

​ნოე ჟორდანიას შვილი, ასევე, კარგად იცნობდა  ქართველ არქეოლოგს, ქართული საგანძურის მცველს, ექვთიმე თაყაიშვილს, რომელიც იმ პერიოდში, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრებთან ერთად დევნილობაში იმყოფებოდა და ლევილის მამულში ცხოვრობდა.

​როგორც “მთავარს” ​რეჯებ ჟორდანიამ უამბო, ექვთიმეს ძალიან ეშინოდა გაციების, ამიტომ მის ოთახში ზედმეტად თბილოდა. გარდა ამისა, ლევილში ქართველები უქმად არ ჩერდებოდნენ. ​ლევილის მამულს თავშეფარებული ქართველები ფერმერულ საქმიანობას მისდევდნენ და საკმაოდ წარმატებითაც.

“სოციალ-დემოკრატების უმეტესობა გლეხები იყვნენ, ამიტომ, როდესაც ლევილში ჩამოვიდნენ, მათ გლეხური მეურნეობა აქაც განავითარეს. შატო ლევილის სასახლეში იყო საქეიფო ოთახიც, სადაც ქართველები ხშირად იკრიბებოდნენ და რამდენიმედღიან ქეიფებს მართავდნენ”, – აცხადებს რეჯებ ჟორდანია.

​მისი თქმით, ეს ოთახი პოლკოვნიკ წერეთელს ეკუთვნოდა, რომელიც ღვინის საკმაოდ კარგი მსმელი და დიდი მოქეიფე იყო. ერთხელ, ქართველი პოლკოვნიკი ავად გამხდარა და მასთან ექიმი რომ მიუყვანიათ,  დაინტერესებულა, დღეში რამდენ ლიტრ ღვინოს სვამსო. პასუხის მოსმენის შემდეგ კი გაოცება ვერ დაუმალავს.

“პოლკოვნიკი წერეთელი ავად რომ გახდა 15 წლის ვიყავი. ექიმთან თარჯიმნობას ვუწევდი.
ექიმმა ჰკითხა, – ღვინოს ხშირად სვამო?
ნორმალურად, – უპასუხა პოლკოვნიკმა.
​ექიმმა კვლავ მთხოვა მეთარგმნა მისთვის, – ნორმალურად რამდენიაო?
– ახლა ვბერდები და 10 ლიტრზე მეტს ვერ ვსვამო, – უპასუხა წერეთელმა.
გაგიჟდა ექიმი, – შეეცადე 4 ლიტზე მეტი არ დალიოო. – მერე ჩუმად მითხრა, – ასეთი მსმელი კაცი ყოფილა და ამას ღვინის დალევა საერთოდ რომ ავუკრძალო, უფრო ცუდად გახდებაო,” – იხსენებს რეჯებ ჟორდანია.

როგორც მან “მთავართან” საუბარში განაცხადა, საქართველოში პირველად 1990 წელს ჩამოვიდა და მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ საქართველოში ქართველები ძირითადად თეთრ ღვინოს სვამენ. “არადა ბავშვობიდან მესმოდა, რომ წითელი ღვინო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, სისხლს კვებავსო”, – ამბობს ნოე ჟორდანიას შვილი.

მსგავსი თემები