რატი იონათამიშვილი ვაშაძისა და “რუსთავი 2”-ის პოლიტიკური რეკლამების ანგარიშების შესწავლას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ,  რატომ არის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და აუდიტის სამსახურში წარდგენილი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამების ანგარიშებს შორის კრიტიკული სხვაობა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ დღეს, გავრცელებული ანალიზიდან გახდა ცნობილი, რომ გრიგოლ ვაშაძის შტაბმა და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა აუდიტის სამსახურსა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ერთმანეთისგან აცდენილი ანგარიშები გაგზავნეს. კერძოდ, “რუსთავი 2” მარეგულირებელ კომისიას აჩვენებს, რომ გრიგოლ ვაშაძემ 244,193 ლარით მეტი გადაუხადა მას, ვიდრე ეს ვაშაძის შტაბმა აუდიტის სამსახურს წარუდგინა.

„მესმის, რომ “რუსთავი 2” “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული საკომუნიკაციო არხია, არც ის მიკვირს, რომ მეორე ტურში ვაშაძემ მარტო “რუსთავი 2”-თან ითანამშრომლა, მაგრამ, როცა შენი კანდიდატის სასარგებლოდ მზად ხარ, შესაძლო კანონდარღვევაზე წახვიდე, ეს კრიტიკულად მიუღებელია. გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საზოგადოება ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას და იმ ფონზე, როცა, ინფორმაცია იგება არა ფაქტებზე, არამედ სუბიექტურ ინტერესებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ პატივს არ სცემ არც ჟურნალისტის პროფესიას, არც საზოგადოებას და მხოლოდ ერთი პირის, ან პარტიის სამსახურში ყოფნა მიგაჩნია ცხოვრებისეულ ამოცანად”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

მისივე თქმით, მარეგულირებელმა კომისიამ ათობით მაუწყებელი შეისწავლა და მხოლოდ ეს დარღვევა აღმოაჩინა.

მსგავსი თემები