რას აბრალებენ სალომე ზურაბიშვილს და სად არის სიმართლე? – ოთხპუნქტიანი განმარტება

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” მიერ, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სამშობლოს ღალატში დადანაშაულებას აპროტესტებს და საზოგადოებას, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, 4-პუნქტიან განმარტებას აწვდის.

როგორცხ კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა – როგორც ადრე იყო, დღესაც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად. სწორედ ამიტომ არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი, ამჟამად კი “ყალბ მამრავლებად დაშლილი პოლიტიკური ძალა“.

კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობაზე სპეკულირებით, რაც მისი შეფასებით, განსაკუთრებულად უღირსი საქმეა, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ ის იარლიყი, რომელიც მათი განუყოფელი ნიშანია.

“ამ პირობებში, „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ უსუსური ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი“ – განაცხადა კალაძემ და 4-პუნქტიანი განმარტებები წარმოადგინა იმისა, თუ რას აბრალებენ სალომე ზურაბიშვილს და სად არის სიმართლე:

1.„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს…

2. ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს. ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა ნაცმოძრაობის კარგად ნაცნობი ხელწერა.

3. გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია „იბერიის“ გამოგონილი საქმე, რომელიც, რეალურად, სიგარეტის მწარმოებელი „ომეგა ჯგუფის“ მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაცმოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა. ამ კამპანიის მიზანი, ერთი მხრივ, ბიუჯეტის კუთვნილი 50 მილიონის, ანუ ხალხის კუთვნილი ფულის არგადახდა და, მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვაა. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა, მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს.

4. უსუსური ე. წ ფარული ჩანაწერებით „ქართულ ოცნებას“ ბიზნესზე ზემოქმედებას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შანტაჟი და დაშინება, ქონების მიტაცება ყოველდღიური მოვლენა იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვევა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერც ერთ მტკიცებულებას“.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა უარი უთხრას სიყალბეს, უპრინციპობას და ანტიდასავლურ ძალას და არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.

მსგავსი თემები