“რასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – ჯემალ გამახარია

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეთავაზებას, ნატო-ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანების თაობაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ეხმაურება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამ საკითხზე საბჭოში მუშა თათბირი გაიმართა და დეპუტატებმა რასმუსენის წინადადებაზე იმსჯელეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განცხადებით, რასმუსენის რეკომენდაცია არ გულისხმობს უარის თქმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„რასმუსენის წინადადება ახალი არ გახლავთ. 2018 წლის 29 იანვარს ჰერითიჯის ფონდმა (აშშ) გამოაქვეყნა ლუკ კოფის მიერ მომზადებული ანგარიში სახელწოდებით – „საქართველოს წევრობა ნატოში შედის აშშ-სა და ევროპის ინტერესებში“. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ნატო-ბუქარესტის სამიტის (2008 წლის 2-4 აპრილი) მე-10 წლისთავს ეძღვნება. მასში პირველად გაჟღერდა წინადადება დაჩქარებული წესით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მექანიზმის შესახებ. სწორედ იმ ანგარიშში გამოითქვა მოსაზრება საქართველოს ნატოში მიღების თაობაზე ისეთნაირად, რომ ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზგასმულია, რომ ეს სულაც არ ნიშნავს ნატო-ში მიღების სანაცვლოდ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმას. პირიქით, საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში თავის კანონიერ საზღვრებში, მაგრამ წესდების მეხუთე მუხლი, როგორც ითქვა, არ გავრცელდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს მთავრობას უმაღლეს დონეზე გაცხადებული აქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. ეს პოლიტიკა გაგრძელდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემდეგაც. ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უფრო მეტად იქნება დაცული, ვიდრე დღეს, არაღიარების პოლიტიკაც უფრო წარმატებული აღმოჩნდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთანავე ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი აფხაზეთზეც და ცხინვალის რეგიონზეც გავრცელდება, როგორც ეს მოხდა გერმანიასთან მიმართებაში. ასეთია ჰერითიჯის ფონდის ანგარიშის არსი და სულისკვეთება, რაც ბატონმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა. მას მიაჩნია, რომ ეს არის მოკლე გზა ნატო-სკენ და რუსეთის ფაქტობრივი ვეტოს თავიდან აცილების საშუალება. ამასთანავე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ შემოთავაზება დაკავშირებულია რისკებთან და მოითხოვს დეტალურად განხილვას როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს მხრიდან“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

მსგავსი თემები